თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალს სპეციალური სტუმრის სტატუსით, 30 მაისიდან პირველი ივნისის ჩათვლით, ცნობილი ავსტრიელი მწერალი და ესეისტი რობერტ მენასე ეწვევა.
რობერტ მენასეს ყველაზე დიდი წარმატება მოუტანა რომანმა „დედაქალაქი“, რომელმაც 2017 წელს საუკეთესო გერმანულენოვანი წიგნის წოდება მოიპოვა, დაიდგა ციურიხში, ვენაში, ესენში და დასაბამი მისცა ინტელექტუალურ დისკუსიას ევროპული იდეის, ევროპის მომავლის შესახებ. აღნიშნულ რომანში რობერტ მენასე ევროპული იდეის დამცველად გვევლინება. „დედაქალაქი“ ქართულ ენაზე გამომცემლობა „ინტელექტმა“ 2018 წელს გამოსცა და ის გერმანული ენიდან მაია ფანჯიკიძემ თარგმნა.
მწერალი ქართული საზოგადოების წინაშე პირველად 30 მაისს, 13:00-ზე, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე, „ექსპო ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში წარდგება, იმავე დღეს კი გაიმართება მისი წიგნის „დედაქალაქი“ წარდგენა ფესტივალის ფარგლებში, „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონის მთავარ სცენაზე.
მწერლის ცენტრალური ღონისძიება გაიმართება 31 მაისს, 19:00-ზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, სადაც რობერტ მენასე და თანამედროვე ქართველი მწერალი ზურაბ ქარუმიძე ისაუბრებენ თემაზე „ევროპის პოლიტიკა და პოეტიკა“. აღსანიშნავია, რომ სულ ახლახანს გამოიცა ზურაბ ქარუმიძის „ევროპული რომანიც“ „Untergang. მოგზაურობა ევროპაში“. ღონისძიების მოდერატორები იქნებიან მთარგმნელი მაია ფანჯიკიძე და ავსტრიის ელჩი საქართველოში არად ბენკო. ღონისძებაზე დასწრება თავისუფალია.