თბილისის ვიცე-მერი აცხადებს, რომ დედაქალაქში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის შემოღება იგეგმება
თბილისის ვიცე-მერი აცხადებს, რომ დედაქალაქში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის შემოღება იგეგმება. ირაკლი ხმალაძის თქმით, აღნიშნული სისტემის საპილოტე პროექტი მომდევნო წლის დასაწყისში განხორციელდება.
„დაგეგმილია ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის შემოღება, რომლის მიზანია პარკირების პრობლემის ეტაპობრივად დარეგულირება, სატრანსპორტო ნაკადების შემცირება და მგზავრების მეტწილად საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადამისამართება. პროექტი შეეხება რომელიმე ცენტრალურ უბანს, სადაც ამ სისტემის ამოქმედება უფრო მარტივი და ეფექტური იქნება. თვითონ პარკირების მოდელი საკმაოდ მარტივია მომხმარებლისთვის”,-განაცხადა დედაქალაქის ვიცე-მერმა, მისივე თქმით, პროექტზე მუშაობა უცხოელ სპეციალისტებთან ერთად მიმდინარეობს.
ირაკლი ხმალაძე ადასტურებს, რომ ცენტრალურ უბნებში პარკირება წელიწადში 50 ლარი აღარ ეღირება და საგრძნობლად გაძვირდება. იმ ქუჩებზე სადაც ავტომანქანების გასაჩერებელ ადგილებზე დიდი მოთხოვნაა, პარკინგი ყველაზე ძვირი იქნება.
„საათის მიხედვით განისაზღვრება გადასახადი და არა ისე, როგორც ახლა გვაქვს, წელიწადში 50 ლარს ვიხდით და ვსარგებლობთ უფასოდ. ისეთ ადგილებში, სადაც მაღალია მოთხოვნა, შემოვა ზონალურ-საათობრივი სისტემა, სხვაგან დარჩება როგორც ახლა არის. აღნიშნული ღონისძიების შედეგად, შემცირდება ჰაერის დაბინძურება და საცობებიც”,-აცხადებს თბილისის ვიცე-მერი..