თბილისის საქალაქო სასამართლოსთან რამდენიმე პირი დააკავეს [ფოტო/ვიდეო]
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც ცოტა ხნის წინ, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე გადაწყვეტილება გამოცხადდა, რამდენიმე პირი დააკავეს.
განაჩენის გამოცხადებას ხმაური მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია სამი პირი, მათ შორის რამდენიმე წუთის წინ დააკავეს ერთ-ერთი პირი, რომელიც მოკლული არასრულწლოვანის მამასთან, ზაზა სარალიძესთან ერთად იმყოფებოდა და სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებდა.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდაცვლილი არასრულწლოვნების ახლობლები გზის გადაკეტვას აპირებდნენ, თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ ისინი გზას არ გადაკეტავენ. ხოლო ზაზა სარალიძე და მასთან ერთად მყოფი პირები გაემგზავრნენ პროკურატურასთან, სადაც აქციას გამართავენ.
საქალაქო სასამართლოსთან მობილიზებულია პოლიცია.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ხორავას ქუჩაზე მომხდარ არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ორივე პირის მიმართ.
სასამართლოს განაჩენით, გ.ბ. რომელსაც ბრალი ედებოდა არასრულწლოვან ლევან დადუნაშვილის, ასევე არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში, ცნობილი იქნა დამნაშავედ მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ეპიზოდში, ხოლო სრულად გამართლდა არასრულწლოვან დავით სარალიძის მკვლელობის ეპიზოდში.
რაც შეეხება ბრალდებულ გ.ჯ. -ს, რომელსაც პროკურატურა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობას ედავებოდა, გ.ჯ.-ის მიერ ჩადენილი დანაშაული სასამართლოს მიერ დაკვალიფიცირდა, როგორც დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა.
დაზარალებულთა ახლობლები სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან.