თბილისის საქალაქო სასამართლოში სოსო გოგაშვილის დაცვის უფროსის, ალექსანდრე სამხარაძის პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის დაცვის უფროსის, ალექსანდრე სამხარაძის პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო სამხარაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს. პროკურატურა ალექსანდრე სამხარაძისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს.
სასამართლო სხდომას ესწრება სოსო გოგაშვილის მეუღლე, თეა მარტყოფლიშვილი. როგორც მან პროცესის დაწყებამდე განაცხადა, შსს-ს და სუს-ის მაღალჩინოსნებისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს.
„შს მინისტრის მოადგილე შალვა ბედოიძე, შს სამინისტროს გენინსპექციის უფროსი სოსო იოსებიძე, სუს-ის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი გიორგი დვალიშვილი, დვალიშვილის მოადგილე ვინმე პაპუნა, სუს-ის გენინსპექციის უფროსის მოადგილე გიორგი ღამბაშიძე გოგაშვილის დაკავების სპეცოპერაციაში მონაწილეობდნენ“, – განაცხადა თეა მარტყოფლიშვილმა.
მარტყოფლიშვილის თქმით, ჩხრეკის სანქცია იყო გაცემული და მაღალჩინოსნებს უფლებამოსილება არ ჰქონდათ, მათ სახლში ჩხრეკაზე შესულიყვნენ. გარდა ამისა, როგორც სოსო გოგაშვილის მეუღლე ამბობს, ყველამ, ვინც სპეცოპერაციაში იღებდა მონაწილეობას, უფლებამოსილებას გადაამეტა.
მარტყოფლიშვილი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავს, შსს-ს და სუს-ის მაღალჩინოსნების იდენტიფიცირება მოახდინოს და სპეცოპერაციის დროს მათი მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების საკითხი შეისწავლოს.
ალექსანდრე სამხარაძეს საბრძოლო მასალის უკანონო შენახვაში ედავებიან, რაც სამიდან ექვს წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.