თბილისის საქალაქო სასამართლოში სააფთიაქო ნარკომანიის საქმის განხილვა განახლდა
სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ბრალდებული ნათელა მამულაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, სხდომათა დარბაზში დაბრუნდა და საქმის განხილვა გაგრძელდა.
მამულაშვილის ადვოკატის დავით კორკოტაშვილის ინფორმაციით, ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, კერძოდ უკანონო სამეწარმეო საქმიანობას და გამოძიებასთან თანამშრომლობს.
ადვოკატი ითხოვს, რომ მამულაშვილის მიმართ არ იყოს გამოყენებული არანაირი აღკვეთის ღონისძიება.
„თუკი სასამართლო მაინც გადაწყვეტს, რომ საჭიროა რომელიმე აღკვეთის ღონისძიების სახის გამოყენება, გთავაზობთ გირაოს და გირაოს თანხის განსაზღვრას ასევე მივანდობთ სასამართლოს”, – განაცხადა ნათელა მამულაშვილის ადვოკატმა დავით კორკოტაშვილმა.
დანაშაულს აღიარებს კიდევ ერთი ბრალდებული ნინო კორძაია. მისმა ადვოკატებმა ბრალდებულის მიმართ 10 ათას ლარიანი გირაოს გამოყენება იშუამდგომლეს და აღნიშნეს, რომ არ არსებობს არავითარი საფუძველი, რათა ბრალდებულს მკაცრი აღკვეთის ღონისძიება შეეფარდოს.
თავის მხრივ ბრალდებულმა ნინო კორძაიამ აღნიშნა, რომ დაუშვა შეცდომა და ამას გულწრფელად ინანიებს. კორძაიას თქმით, მის ქმედებას გამართლება არ აქვს.
როგორც ადვოკატი ლალი აფციაური აცხადებს, ჯანდაცვის სამინისტროს სახელმწიფო სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ყოფილ თავმჯდომარეს გია თვალავაძეს ექიმები და საზოგადო მოღვაწეები თავდებში უდგებიან.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე რამდენიმე დღის წინ დააკავა.