თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ კალანდიას საქმის განხილვა გაგრძელდება
თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული მიხეილ კალანდიას საქმის განხილვა გაგრძელდება. სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან.
კალანდიას ადვოკატის განცხადებით, უზენაესი სასამართლოდან გიორგი ჯანაშიასა და გუგა ბარბაქაძის მიმართ 2020 წლის 28 იანვრის განაჩენის გამოთხოვის შუამდგომლობას დააყენებს.
როგორც ადვოკატი ზურაბ თოდუა ამბობს, მის მიერ დაკითხულ ჯანაშიას ჩვენებაში არაფერი უთქვამს ისეთი, რაც საპროცესო შეთანხმების გაფორმების საფუძველი გახდებოდა. შესაბამისად, ადვოკატის თქმით, მას აქვს ეჭვი, რომ ჯანაშიას სხვა ჩვენებაც აქვს მიცემული, რომელიც წესით ასახული უნდა იყოს სხდომის ოქმში.
„ვაყენებ სასამართლოს წინაშე შუამდგომლობას, რისი მეშვეობით იქნეს გამოთხოვილი უზენაეს სასამართლოდან 2020 წლის 28 იანვრის განაჩენი ჯანაშიასა და ბარბაქაძის მიმართ, სასამართლოს სხდომის ოქმთან ერთად. 14 იანვარს როდესაც ჯანაშია დავკითხე, სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ მან რაიმე ისეთი საპროცესო შეთანხმების გასაფორმებელი ჩვენება მისცა. დიდი ალბათობით, ვვარაუდობ, რომ მას ჩვენს შემდეგ უნდა ჰქონდეს რაღაც ჩვენება მიცემული. ის ასახული უნდა იყოს აუცილებლად სხდომის ოქმში ან წერილობით მტკიცებულებებში. აქედან გამომდინარე რომ ვიმსჯელოთ, ზუსტად, თუ რის შესახებ მისცა ჯანაშიამ ჩვენება და რა ჩვენება მიაწოდა მან ისეთი სასარგებლო გამოძიებას, რომ გახდა საპროცესო შეთანხმების გაფორმების საფუძველი. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი,საინტერესოა და პირდაპირ აისახება კალანდიას შემდგომ ბედზე. აქედან გამომდინარე, ჩემი შუამდგომლობა არის დასაბუთებული და სასამართლომ იგი უნდა დამიკმაყოფილოს აუცილებლად. პროცესზე გრძელდება ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვა, თუმცა ვის მოიყვანს ბრალდება, რა თქმა უნდა, ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს“, – განაცხადა ზურაბ თოდუამ.
შეგახსენებთ, 28 იანვარს უზენაესმა სასამართლომ გუგა ბარბაქაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა, გიორგი ჯანაშიას კი საპროცესო შეთანხმება ოფიციალურად გაუფორმდა.
მიხეილ კალანდია თბილისში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა გასული წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.