თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ კალანდიას საქმის განხილვა დღეს გაგრძელდება
თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული მიხეილ კალანდიას საქმის განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის რამდენიმე მოწმე დაიკითხება.
ადვოკატ ზურაბ თოდუას თქმით, დღემდე დაკითხული 81 მოწმის ჩვენებებიდან მიხეილ კალანდიას მიმართ შერაცხული ბრალი არ დასტურდება. ადვოკატის განცხადებით, მან წინა სხდომაზე უზენაესი სასამართლოდან მტკიცებულებების გამოთხოვის თაობაზე შუამდგომლობა დააყენა, რომლის პასუხიც დღევანდელ სხდომაზე გაირკვევა.
„იქამდე, ვიდრე პროკურორი მის მიერ წარმოდგენილი მოწმეების დაკითხვას დაიწყებდეს, ჩვენ ველოდებით სასამართლოს წინაშე დაყენებულ შუამდგომლობაზე პასუხს, მტკიცებულებების გამოთხოვის თაობაზე. გამოთხოვილი მაქვს საქართველოს უზენაესი სასამართლოდან მტკიცებულება საკასაციო საჩივრის სახით, სადაც გენერალურ პროკურატურას ძალიან საინტერესო დამოკიდებულება აქვს აღნიშნულ საკითხთან და მისი მტკიცებულება მინდა იყოს საქმეში. მეორე – გამოთხოვილი მაქვს გამამტყუნებელი განაჩენი ერთ-ერთი პირის მიმართ, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული და პირდაპირ კავშირშია ამ საქმესთან. მისი ეს მტკიცებულება ოფიციალურად გამოვითხოვე, მაგრამ არ მომცეს, რადგან მხარეს არ წარმოვადგენ. დღეს ასევე მოხდება მოწმეების დაკითხვა. სავარაუდოდ ორ-სამ მოწმეს დაკითხავენ. 81 მოწმეა დაკითხული, თუმცა არც ერთის ჩვენებით შერაცხული ბრალი არ დასტურდება“,- აცხადებს ადვოკატი.
მისივე თქმით, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, რომელიც სასამართლო სხდომებს მონიტორინგს აღარ უწევს, პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს. როგორც ადვოკატი ამბობს, მან არაერთხელ მიმართა მას დარღვევების შესახებ, თუმცა სახალხო დამცველს რეაგირება არ ჰქონია.
„სახალხო დამცველი ამ საქმეში უნდა იყოს ძალიან აქტიური, რამეთუ თავიდან ნინო ლომჯარია ძალიან აქტიურად იყო ჩართული, საპარლამენტო კომისიის წევრიც კი იყო, მაგრამ მაშინ, როცა მე ჩავერთე საქმეში, მან მონიტორინგი შეწყვიტა ამ საქმეზე. ჩემი პროტესტის შემდეგ აღადგინა დროებით, მხოლოდ ორ პროცესს ესწრებოდა მისი წარმომადგენელი, მაგრამ ამის შემდეგ მონიტორინგი ისევ შეწყდა. ამ სასამართლო სხდომებზე ჩემს მიერ დაკითხული მოწმეები არასრულწლოვნებად ყოფნის პერიოდში პირდაპირ ასახელებენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ არასრულწლოვანთა უფლების დარღვევის შესახებ, ეს არის კონკრეტული ფაქტები. ნინო ლომჯარიას ცალსახად არ სურს ამ ფაქტების კონსტანტირება, რაც მაძლევს ღრმა ანალიზის საფუძველს განვაცხადო – სახალხო დამცველი დაინტერესებულია იმ პოლიტიკური დაკვეთის შესრულებით, რაც საქართველოს პარლამენტიდან წამოვიდა. მტკიცებულება მაქვს ის, რომ მას დავუდე კონკრეტული დარღვევების შესახებ ფაქტები და არც ერთზე რეაგირება არ გააკეთა და ამაზე პასუხის გაცემით, გაეცემოდა პასუხი იმას, რატომ ხდება, რომ ეს ბავშვები წარამარა ცვლიან ჩვენებებს“ – განაცხადა ადვოკატმა.
მიხეილ კალანდია თბილისში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.