თბილისის საქალაქო სასამართლოში გეგა გეგეშიძის საქმის განხილვა მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის საქმის განხილვა მიმდინარეობს.
დაცვის მხარე შესავალ სიტყვას წარმოთქვამს. გეგეშიძის უფლებამდაცველის განცხადებით, მათ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართეს კითხვით, ჰქონდა თუ არა მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს ევროკავშირში შესვლაზე აკრძალვა 2013 წლიდან დღემდე, რაზეც ადვოკატების განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ არ მიაწოდა ინფორმაცია, რადგან საქმე ეხებოდა პერსონალურ ინფორმაციას.
„ხშირ შემთხვევაში კონფლიქტის ინიციატორი არის ზურაბ დათუნაშვილი და ეს არ არის პირველი შემთხვევა. ვიდეოში კარგად ჩანს, რომ თამაზ გეგეშიძე მიდის სრულიად სხვა მიმართულებით და ზურაბ დათუნაშვილი გულისპირში კიდებს ხელს, ატრიალებს და შემდეგ ხდება სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. რა თქმა უნდა, ინიციატორი იყო დათუნაშვილი. სჭირდებოდა გეგეშიძეს ჩხუბის ინცირება? წააგო შეჯიბრი დათუნაშვილმა და განაწყენებულმა მოაწყო ის, რაც მოხდა. არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია და ამას ბევრი მოწმე დაადასტურებს“, – განაცხადა მარინა ცუცქირიძემ.
გეგა გეგეშიძემ სხდომაზე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ წაყენებულ ბრალდებას არ აღიარებს.
2019 წლის 11 იანვარს ზურაბ დათუნაშვილსა და რობერტ კობლიაშვილს შორის ფინალური შეხვედრისას, მსაჯის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ჩხუბი მოჰყვა. დაპირისპირების შემდეგ, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, ზურაბ დათუნაშვილმა განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ თანამდებობა უნდა დატოვოს. სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, 22 იანვარს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე დააკავეს. საბოლოოდ სასამართლომ გეგეშიძე 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა და თანამდებობასაც ინარჩუნებს.