თბილისის საქალაქო სასამართლოში გეგა გეგეშიძის საქმის განხილვა დღეს გაგრძელდება
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის საქმის არსებითი განხილვა დღეს გაიმართება. დაცვის მხარე რამდენიმე შუამდგომლობის დაყენებას გეგმავს.
როგორც გეგა გეგეშიძის ადვოკატი მარინა ქურციკიძე აცხადებს, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ ფიზიკური დაპირისპირების გამო, ზურაბ დათუნაშვილს შენგენის ზონის ერთ-ერთ ქვეყანაში შესვლა ერთი წლით აეკრძალა. თუმცა ამ ინციდენტის შესახებ გამოთხოვილი ინფორმაციის მიწოდებაზე გეგეშიძის ადვოკატს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარი უთხრა იმ არგუმენტით, რომ დოკუმენტი პერსონალურ მონაცემებს შეიცავდა.
დაცვის მხარე სასამართლოს სწორედ ამ ინფორმაციის მოპოვებაში დახმარებას სთხოვს.
„ბოლო სასამართლო სხდომაზე დავაყენეთ შუამდგომლობა და სასამართლოს ვთხოვეთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან გამოეთხოვა ინფორმაცია ზურაბ დათუნაშვილთან დაკავშირებით. ეს შუამდგომლობა განპირობებული იყო შემდეგით – ჩვენთვის გახდა ცნობილი, რომ დათუნაშვილი საქართველოში და საქართველოს გარეთაც ცნობილია მსგავსი ინციდენტებით. ანუ, როდესაც იგი წააგებს შეჯიბრებას, მსგავსი ინციდენტი არაერთხელ მოუწყვია. როგორც ვიცით, შენგენის ერთ-ერთ ქვეყანაში ანალოგიური სიტუაცია, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის გამოც იგი გააძევეს იმ ქვეყნიდან და ერთი წელი აკრძალული ჰქონდა შესვლა. პირადად მივმართე საგარეო საქმეთა სამინისტროს, მაგრამ რადგან ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა, დაცვის მხარეს გვითხრეს უარი. ამიტომ, ვთხოვეთ სასამართლოს. მოსამართლეს უარი არ უთქვამს და დაგვავალა, რომ წარგვედგინა ზუსტი თარიღი, თუ როდის მივიღეთ პასუხი საგარეო სამინისტროსგან. ეს დოკუმენტი ჩვენ უკვე მოვიპოვეთ და სასამართლო სხდომაზე ამას წარვუდგენთ იმ იმედით, რომ სასამართლო ამ დოკუმენტს გამოითხოვს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან. ეს დაცვის მხარეს ძალიან დაგვეხმარება“, – განაცხადა ადვოკატმა.
გეგა გეგეშიძის ადვოკატის თქმით, სხდომაზე კიდევ ერთ შუამდგომლობას დააყენებენ.
„გვექნება ასევე მეორე შუამდგომლობა. საქართველოს გენერალური პროკურატურიდან, ვაკე-საბურთალოს სამმართველოდან და პოლიციის განყოფილებებიდან გამოვითხოვეთ ინფორმაცია, არის თუ არა ზურაბ დათუნაშვილი ანალოგიურ საქმეებში დაკითხული ბრალდებულის ან მოწმის სახით. ვერც გენერალური პროკურატურისგან და ვერც ვაკე-საბურთალოს განყოფილებისგან ვერ მივიღეთ ინფორმაცია, ამიტომ იძულებულები ვართ, მივმართოთ სასამართლოს და ვთხოვოთ, დაგვეხმაროს ინფორმაციის გამოთხოვაში“, – განაცხადა ადვოკატმა.
მარინა ქურციკიძის თქმით, აღნიშნული შუამდგომლობები მნიშვნელოვანია, რისი დადასტურების შემთხვევაშიც დამტკიცდება, რომ გეგეშიძე მხოლოდ მის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და ინციდენტი ზურაბ დათუნაშვილისგან იყო პროვოცირებული.
2019 წლის 11 იანვარს ზურაბ დათუნაშვილსა და რობერტ კობლიაშვილს შორის ფინალური შეხვედრისას, მსაჯის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ჩხუბი მოჰყვა. დაპირისპირების შემდეგ, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, ზურაბ დათუნაშვილმა განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ თანამდებობა უნდა დატოვოს. სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, 22 იანვარს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე დააკავეს. საბოლოოდ, სასამართლომ გეგეშიძე 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა და ის თანამდებობასაც ინარჩუნებს.