თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას პროცესის პარალელურად, მისი მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს, მცირე დაპირისპირება მოხდა.
მოძრაობა „მელიას“ აქცია-პერფორმანსის ჩატარება უნდოდა, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა და მანდატურის სამსახურმა არ მისცეს და სასამართლოს კარი ჩაკეტეს. ამის შემდეგ მხარეებს შორის დაპირისპირება მოხდა.
მოძრაობის წევრები მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და კარის გაღება ძალის გამოყენებით მოახერხეს.
„ვისგან იღებს პოლიციის ნაწილი დავალებას, არ ვიცი. შემოსვლამდე ორი წუთით ადრე, ბატონ ჯოხაძეს ვესაუბრეთ და გვითხრა, რომ თუ არ იქნებოდა საღებავებით ხატვა, არანაირი პრობლემა არ იქნებოდა გადაადგილებაზე. ჩვენ ვუთხარით, რომ იქნებოდა უბრალოდ რაღაც პერფორმანსი ბოლებით და წარწერებით. ახალგაზრდებმა რომ დააფიქსირონ მოსაზრება ნიკა მელიასთან დაკავშირებით, რომ ის არის პოლიტპატიმარი და ყველა პოლიტპატიმარი უნდა იყოს თავისუფალი. პოლიციის ნაწილმა სრული სიგიჟე გააკეთა. კარები ჩაკეტა. ხალხს იწვევენ, პროვოცირებას ახდენენ საზოგადოების. აწეული ხელებით დავასრულებთ მაგ პოლიციელებსაც, ამ უკანონო სასამართლოსაც“, – განაცხადა ნიკა ნოზაძემ.