თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება არასრულწლოვნის სასარგებლოდ მიიღო
თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ განიხილა მოსარჩელე გ. ი.-ს სარჩელი, მოპასუხე სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის წინააღმდეგ, საქმეში მესამე პირად ჩართული მშობლების ა. ა.-ისა და ნ. ი.-ის მონაწილეობით.
სასამართლოს ცნობით, მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენდა არასრულწლოვან გ.ი.-ს და მისი მშობლების კარანტინში მოთავსების შესახებ მოპასუხე მხარის ქმედების უკანონოდ ცნობა.
„მოსარჩელის წარმომადგენლის განცხადებით, არასრულწლოვანს, იძულებით კარანტინში მოთავსებით უკანონოდ შეეზღუდა თავისუფლება. ადმინისტრაციულმა ორგანომ არ განიხილა მშობლის განცხადება თვითიზოლაციის თაობაზე და მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, შესაბამისად, მოსარჩელე მხარემ სასამართლო სხდომაზე მოითხოვა კარანტინიდან თვითიზოლაციაში გადაყვანა.
სასამართლომ მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, მათი პოზიციები, არგუმენტები და ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ. მოპასუხე სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ გ.ი.-ს და მისი მშობლების მიმართ გამოყენებული იზოლაციის ფორმა – კარანტინი შეცვალა თვითიზოლაციით.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოპასუხე სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს დაევალა, იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით გათვალისწინებული წესების დაცვით, გ.ი-ს და მისი მშობლების კარანტინიდან თვითიზოლაციაში გადაყვანა.
სასამართლომ გადაწყვეტილება მიაქცია დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სასამართლომ მიიჩნია, რომ არასრულწლოვნის ინტერესების გათვალისწინებით, თვითიზოლაციის პირობებში მიღწეული იქნება ადმინისტრაციული ორგანოს მიზნები“, – აღნიშნულია სასამართლოს ინფორმაციაში.