თბილისის საქალაქო სასამართლო - რაც საქმის რეგისტრაციის ელექტრონული სერვისით სარგებლობა უფასო გახდა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა მომართვიანობა გაზარდეს
თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ არაერთგზის გაცხადებული თხოვნისა და მოწოდებისა, რომ მოქალაქეებმა და მათმა წარმომადგენლებმა შეამცირონ და შეზღუდონ სასამართლოში ვიზიტები, შპს „გლობუსმა“ და შპს „ფინანსურმა ბიურომ“ გაზარდა სასამართლოსადმი მომართვიანობა, – ამის შესახებ საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, მას შემდგომ, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, სასამართლოში საქმის რეგისტრაციის ელექტრონული სერვისით სარგებლობა გახდა უფასო, აღნიშნულმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა სასამართლოში ბევრად მეტი სარჩელი წარადგინეს, ვიდრე ჩვეულებისამებრ.
„თბილისის საქალაქო სასამართლო დისტანციური გრაფიკით შრომის რეჟიმზე გადავიდა, თუმცა ამ ფონზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა არასამუშაო დღეებშიც ფიზიკურ პირთა წინააღმდეგ სამოქალაქო სარჩელებით მომართვიანობა გაზარდეს შემდეგი დავის საგნით – ფულადი ვალდებულებების შეუსრულებლობა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე.
სასამართლო განმარტავს, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეკომენდაციების საფუძველზე, იდება/გადავადდება სამოქალაქო/ადმინისტრაციულ საქმეთა განხილვები“, – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.
საქალაქო სასამართლო იმედოვნებს, რომ საფინანსო ორგანიზაციები გამოიჩენენ მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას და უფასო დისტანციური სერვისებით ბოროტად არ ისარგებლებენ.
ამასთან, სასამართლოში ყოველდღიურად მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები.
„კვლავ მოვუწოდებთ მოქალაქეებს, მაქსიმალურად შეზღუდონ სასამართლოში ვიზიტი“, – აცხადებს თბილისის საქალაქო სასამართლო.