თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2017 წლის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა
თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დედაქალაქის 2017 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები დაამტკიცეს. როგორც სხდომაზე თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განმარტა, დედაქალაქის 2017 წლის ბიუჯეტში ცვლილებები მერიის სტრუქტურული ერთეულების და რაიონის გამგეობების დამატებითი მოთხოვნებისა და პროგრამების ფარგლებში მიღებული ეკონომიის გადანაწილების შესახებ მიღებული წინადადების გათვალისწინებით შევიდა.
მისივე თქმით, ეკონომია ბიუჯეტში წლის განმავლობაში გამოცხადებული ტენდერებიდან და შესრულებული სამუშაოებიდან იქნა მიღებული.
სხდომაზე აღინიშნა, რომ იზრდება ძირითადად ინფრასტრუქტურული და ჯანმრთელობის დაცვის პროექტებზე გათვალისწინებული თანხები. მათ შორის, მეტროს მოძრავი შემადგენლობის მოდერნიზაციისა და ვაგონების კაპიტალური შეკეთებისთვის გამოყოფილი თანხები, ასევე იზრდება დასუფთავების ღონისძიებისთვის გამოყოფილი თანხები.
ბენეფიციართა რაოდენობის ზრდის გათვალისწინებით, იზრდება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის რამდენიმე ქვეპროგრამის დაფინანსება, მათ შორის აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია და ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსება.