თბილისის საკრებულოს კომისიებზე დღეს დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ
თბილისის საკრებულოს კომისიებზე დღეს დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტს განიხილავენ.
როგორც საკრებულოს უმრავლესობის წევრები აცხადებენ, წინა წელთან შედარებით ბიუჯეტის პროექტი გაზრდილია.
„წელს ბიუჯეტი იზრდება მნიშვნელოვნად – 60 მილიონით, რაც იმას ნიშნავს, რომ გაცილებით მეტი პროექტის განხორციელება შეგვიძლია. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სატრანსპორტო და ზოგადი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ნახევარ მილიარდ ლარამდე დაიხარჯება. ეს იმას ნიშნავს, რომ ქალაქში ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტები იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, რომ შეიცვლება სატრანსპორტო ვითარება, რადგან 2019 წელს პრაქტიკულად შევცვლით ავტობუსების პარკს“, – განაცხადა საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობის კომისიის თავმჯდომარე ოთარ გრიგოლიამ.
მისივე თქმით, ახალი პროექტების განხორციელება ეკონომიკური მიმართულებითაც იგეგმება.
თბილისის 2019 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსია მერიამ საკრებულოში 10 დეკემბერს შეიტანა. დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტი 927 მილიონი ლარია.
საკრებულო ბიუჯეტს ხვალ დაამტკიცებს. ხვალინდელ სხდომაზე ბიუჯეტის პროექტს დედაქალაქის მერი კახა კალაძე წარადგენს.