თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ კახა კალაძეს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ხუთპუნქტიან შეთავაზებას უგზავნის
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ დედაქალაქის მერს თბილისის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ხუთპუნქტიან შეთავაზებას უგზავნის.
შეთავაზება მოიცავს: 200-ლარიანი მედიკამენტების ვაუჩერს ყველა პენსიონერისთვის; 150-ლარიანი კომუნალური ვაუჩერი საშუალო და დაბალი შემოსავლების მქონე ოჯახებისთვის; უფასო მგზავრობა სტუდენტებისთვის მეტროთი, ავტობუსით და მიკროავტობუსებით; 1.18 ლარის ნაცვლად უფასო სასადილოების დაფინანსების მკვეთრი ზრდა; დამატებით 50 მილიონი ლარის გამოყოფა ინფრასტრუქტურის და გამწვანების პროექტებისთვის.
შეთავაზებას თან ერთვის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ შენიშვნები და რეკომენდაციები ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით.
როგორც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მერიისთვის გასაგზავნ წერილში ყველა შეთავაზების შესახებ დეტალურადაა გაწერილი.
„დედაქალაქის მერს კახა კალაძეს ვუგზავნით ძალიან ვრცელ წერილს შენიშვნებით, წინადადებებითა და რეკომენდაციებით. გამომდინარე იქიდან, რომ ვფიქრობთ, მის მიერ წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტის ვერსიას თბილისელების პრობლემების მოგვარებასთან არანაირი საერთო არ აქვს. ყველა ციფრი არის შესწავლილი, დასაბუთებული, არგუმენტირებული და ვერ მივიღებთ ვერანაირ შენიშვნას მათგან, რომ ეს არის ისეთი ტიპის განცხადება, რომელიც შეიძლება, ვერ განახორციელონ“, – განაცხადა ნადირაძემ.
მისი თქმით, აღნიშნული გუნდი სოციალური დაპირებებით მოვიდა, თუმცა არც ერთი დაპირება არ შეუსრულებია.
„თბილისში ხალხი ცხოვრობს უკიდურეს გაჭირვებაში, თბილისში არის ბევრი მწვავე პრობლემა, როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე გამწვანების მიმართულებით. ვფიქრობთ, ჩვენი ამ შეთავაზებების დაკმაყოფილება მცირედით მაინც შეუმსუბუქებს თბილისელებს ცხოვრებას“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ თბილისის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე.