თბილისის რამდენიმე უბანში მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, დედაქალაქის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
გლდანის რაიონში ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა შეეხებათ მუხიანის აგარაკების, მუხიანის IVა და IVბ მიკრორაიონების, სოფელი გლდანის (ნაწილობრივ) და გლდანის I მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
13:30 საათიდან 15:30 საათამდე შეზღუდვა ნაწილობრივ გავრცელდება საბურთალოს რაიონშიც, პეტრე ქავთარაძის ქუჩაზე.
ნაძალადევის რაიონს ელექტროენერგიაზე შეზღუდვა 12:00 საათიდან 15:00 საათამდე ნაწილობრივ შეეხება. საუბარია თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის აბონენტებზე.
სამგორის რაიონში 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ბარბარეს უბნისა და ქვემო მელითონეთა დასახლების (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – ნათქვამია „თელასის“ განცხადებაში.