თბილისის მუნიციპალურ ინსპექციაში აცხადებენ, რომ შენობის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული მიმართვიანობა მკვეთრად გაიზარდა
თბილისის მუნიციპალურ ინსპექციაში აცხადებენ, რომ ბოლო დღეებში შენობის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული მიმართვიანობის რაოდენობა წინა დღეებთან შედარებით 5-6-ჯერ გაიზარდა.
მათივე ცნობით, ასევე, გაიზარდა მიმართვიანობა სოციალური ქსელების საშუალებით.
ინსპექციაში აღნიშნულს ბათუმში, 8 ოქტომბერს მომხდარ შემთხვევას უკავშირებენ. როგორც ინსპექციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, 8 ოქტომბრის შემდეგ მათ ცხელ ხაზზე დღეში რამდენიმე ათეული ზარი შედის საცხოვრებელ კორპუსში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით.
კერძოდ, მოსახლეობა ინსპექციას მიმართავს თხოვნით, შეამოწმონ, რამდენად უსაფრთხოდ მიმდინარეობს მათ კორპუსში სარემონტო, თუ სარეკონსტრუციო სამუშაოები. ძირითადად ეს ეხება შენობის პირველ სართულებს. მუნიციპალურ ინსპექციაში აცხადებენ, რომ ისინი ყველა ზარზე დროულ რეაგირებას ახდენენ და გამოძახების ადგილზე ამოწმებენ, მიმდინარე სამუშაოებზე არსებობს თუ არა შესაბამისი ნებართვა.
მუნიციპალური ინსპექციის განმარტებით, თუ არსებობს ვარაუდი, რომ უნებართვო სამუშაოების ფარგლებში მოხდა მზიდ კონსტრუქციასთან შეხება, ინსპექცია ფართის მესაკუთრეს საექსპერტო დასკვნის მომზადებას სთხოვს. თუ დადასტურდა მზიდი კედლის ცვლილება, მეპატრონეს პირვანდელი სახით აღდგენა ევალება.
ინსპექციაში განმარტავენ, რომ, კანონის თანახმად, სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების დროს, თუ სამუშაოები ეხება მზიდ კონსტრუქციას, აუცილებელია არქიტექტურის სამსახურის ნებართვა და შესაბამისი დასკვნები.
ინსპექციის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ვარაუდი, რომ ნებართვის გარეშე წარმოებული სამუშაოების ფარგლებში მოხდა მზიდ კედელთან შეხება, ანუ შესაძლოა, უსაფრთხოების ნორმები დაირღვეს, თბილისის მუნიციპალური ინსპექცია მეპატრონეს ავალდებულებს, წარმოადგინოს საექსპერტო დასკვნა.
თუ ექსპერტიზა აჩვენებს მზიდი კედლის ცვლილებას ან ზოგადად უსაფრთხოების ნორმების დარღვევას, ინსპექცია დაავალდებულებს მფლობელს, მოახდინოს კონსტრუქციის აღდგენა და პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება მდგრადობის უზრუნველყოფით. კანონის შესაბამისად, მიცემული გონივრული ვადის შემდეგ მოხდება შემოწმება და მდგრადობის უზრუნველყოფაზე მომზადებული დასკვნის განხილვა.
მუნიციპალურ ინსპექციაში მოსახლეობას მოუწოდებენ, საცხოვრებელ კორპუსში საეჭვო სამუშაოების შემთხვევაში დარეკონ ნომერზე 2 72 22 22 .
8 ოქტომბერს, ბათუმში, საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა. წინასწარი ვერსიით, ჩამონგრევის მიზეზი შენობის პირველ სართულზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოები და მზიდი ელემენტების მოხსნა გახდა.