თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ კერძო სექტორთან საკანონმდებლო ცვლილება განიხილა, რომელიც ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისთვის სამშენებლო პროცედურებს ამარტივებს
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ კერძო სექტორთან საკანონმდებლო ცვლილება განიხილა, რომელიც ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისთვის სამშენებლო პროცედურებს ამარტივებს

თბილისის მუნიციპალური ინსპექცია სამშენებლო საქმიანობის კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით, აკრედიტებული ინსპექტირების სამსახურების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავს.

კერძო სექტორთან დღეს გამართულ შეხვედრაზე ის საკანონმდებლო ცვლილება განიხილეს, რომელიც ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისთვის სამშენებლო პროცედურებს ამარტივებს. შეხვედრის მონაწილეებს თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილე ზაზა კვიციანმა ცვლილებებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და მათ შეკითხვებს უპასუხა.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებული საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობის პროცესში საეტაპო ოქმების წარდგენის ვალდებულება მოიხსნა. რაც შეეხება არაინდივიდუალურ სახლებს, ნებართვის მფლობელები საეტაპო ოქმების წარუდგენლობაზე პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდნენ 2022 წლის პირველ იანვრამდე, თუმცა, მათ დარჩათ ვალდებულება, საეტაპო ოქმები და საჭიროების შემთხვევაში, დასკვნები წარადგინონ.

აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება დაინტერესებული მოქალაქეებისთვის ბიუროკრატიულ პროცედურებს და ფინანსურ ხარჯებს ამცირებს, თუმცა, ეს ინდივიდუალური სახლების მშენებლობის პროცესის კონტროლის შესუსტებას არ გამოიწვევს. მშენებლობის ნებართვის მფლობელმა სახლის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ექსპლუატაციაში მიღების შესახებ განცხადებას თან უნდა დაურთოს შეფასება ობიექტის სანებართვო პირობებთან შესაბამისობის შესახებ.

მსგავსი საინფორმაციო ტიპის შეხვედრები დაინტერესებულ პირებთან მომავალშიც გაიმართება.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.