თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე განახლებული მოძრავი შემადგენლობები იმოძრავებს
თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზს განახლებული მოძრავი შემადგენლობები მოემსახურება. თბილისის მერმა კახა კალაძემ ელექტრო მოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის წარმომადგენლებთან ერთად ახალი ვაგონები დაათვალიერა.
მოდერნიზაციის ფარგლებში შეიცვალა მემანქანის კაბინის ფორმა და გაიზარდა მისი მოცულობა. კაბინა აღიჭურვა თანამედროვე ტიპის მართვის პულტით. შეიცვალა ვაგონების გარე და შიდა დიზაინი. ვაგონებში დამონტაჟებულია კამერები, მობილური მოწყობილობების დასამუხტი USB შესაერთებლები.
კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
„ჩვენ ვთქვით, რომ ზოგადად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება არის ერთ-ერთი პრიორიტეტი. ეს არის ახალი ავტობუსების შემოყვანა, მეტროს ვაგონების რეაბილიტაცია და ზოგადად, ახალი ვაგონების შესყიდვა. მოლაპარაკებები მიმდინარეობს“, – განაცხადა კახა კალაძემ.