თბილისის მეტროს ვაგონების განახლებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 475 მლნ ევრო გამოიყოფა
თბილისის მეტროს ვაგონების განახლებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 475 მლნ ევრო გამოიყოფა

თბილისის მეტროს ვაგონების განახლებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 475 მლნ ევრო გამოიყოფა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის მერთან, კახა კალაძესთან და ფინანსთა მინისტრთან, ლაშა ხუციშვილთან შეხვედრაზე განაცხადა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე პროექტის დეტალები მიმოიხილეს და სამომავლოდ განსახორციელებელი ნაბიჯები დაგეგმეს.

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ აღნიშნა, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 212 ერთეული თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მეტროს ვაგონის შესყიდვა, რომელთა ეტაპობრივი მოწოდება და არსებული მოძველებული მატარებლების ჩანაცვლება შემდეგი 15 წლის განმავლობაში განხორციელდება. მისივე თქმით, 212 ვაგონი, ჯამში, 45 მატარებელია.

პროექტის მიხედვით, 13 ერთეული ოთხვაგონიანი მატარებელი საბურთალოს ხაზისთვის იქნება განკუთვნილი, ხოლო 32 ერთეული ხუთვაგონიანი მატარებელი ახმეტელი-ვარკეთილის ხაზისთვის გამოიყოფა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პროექტის ჯამური ბიუჯეტი შეადგენს დაახლოებით 475 მლნ ევროს და მთლიანად დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რისთვისაც მან მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას და პირადად პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

თბილისის მერის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე უახლოეს დღეებში გამოცხადდება ბაზრის კვლევა, ამის შემდეგ კი საერთაშორისო ტენდერი, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეეძლება მეტროს ვაგონებისა და საგარეუბნო მატარებლების მწარმოებელ, მაღალი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე უცხოურ კომპანიებს.