თბილისის მერიასთან ცხოველთა დამცველების აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში მომხდარი შემთხვევების გამო, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის, ვახტანგ ლომჯარიას გადაყენებასა და პასუხისმგებლობაში მიცემას ითხოვენ.
აქციის მონაწილეების თქმით, რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ვიდეოკადრები ნათლად ასახავს, თუ როგორ სასტიკად ექცევიან თავშესაფარში ცხოველებს. ისინი ასევე თავშესაფარში ფოტო და ვიდეოგადაღების უფლებას მოითხოვენ.
აქციის მონაწილეები მერიასთან საკუთარ ცხოველებთან ერთად მივიდნენ.
შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც დახოცილ ძაღლებთან ერთად, ჩანს მომაკვდავი ლეკვი. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი, ვახტანგ ლომჯარია აცხადებს, რომ ვიდეოკადრები დადგმული იყო და გარკვეული პირებია ინტერესებს ემსახურებოდა. ვახტანგ ლომჯარიას თქმით, ვიდეო, სავარაუდოდ 15 ივნისს, ერთ-ერთმა თანამშრომელმა გადაიღო, რომელმაც კადრები დადგა და ეს ყველაფერი სააგენტოს საწინააღმდეგოდ გააკეთა.