ბათუმში ცხოველთა უფლებების დამცველებმა აქცია გამართეს
ბათუმში ცხოველთა უფლებების დამცველებმა აქცია გამართეს

ბათუმში, ევროპის მოედანზე ცხოველთა უფლებების დამცველებმა ძაღლების დახოცვა და გონიოს ნაგავსაყრელზე დამარხვა გააპროტესტეს. ისინი აქციაზე ძაღლებით მივიდნენ.

შეკრებილები ამტკიცებენ, რომ სპეციალური სამსახური ცხოველებს იჭერს და მათ ლიკვიდაციას ახდენს.

აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, როცა მედიასაშუალებებში გონიოს ნაგავსაყრელზე გადაღებული ვიდეო გავრცელდა, რომელზეც პოლიეთილენის პარკებში შეხვეული დახოცილი ძაღლებია აღბეჭდილი.

აქციის მონაწილეები საპროტესტო აქციებს აანონსებენ და შესაბამის უწყებებს მოუწოდებენ, თავშესაფარში მყოფ ცხოველებს კანონიერად მოექცნენ.

„პირადად ვნახე სოციალურ ქსელში ვიდეომასალა, სადაც დახოცილი ცხოველები ნაგავსაყრელზე სპეციალურ ბუნკერში იყვნენ ჩაყრილი. ვაპროტესტებთ ამ ფაქტს და მოსახლეობას მოვუწოდებთ, გვერდში დავუდგეთ ოთხფეხა მეგობრებს”,- ამბობს აქციის მონაწილე ზაურ მუხაშაურია.

ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელმაც ვინაობის დასახელება არ ისურვა, ჟურნალისტებს მიაწოდა ვიდეომასალა, რომელშიც ნაგავსაყრელზე ცხოველების სასაფლაო იყო გადაღებული. მოქალაქე ამტკიცებს, რომ ნაგავსაყრელზე ე.წ ბუნკერში დახოცილ ცხოველებს ყრიან.

მომხდარს კომპანია „სევერში” გამოეხმაურნენ, რომელიც ბათუმში მაწანწალა ცხოველთა მოვლა- პატრონობას ახორციელებს. უწყებაში ფაქტს უარყოფენ და ამბობენ, რომ ე.წ ბუნკერებში გარდაცვლილი ცხოველთა მოთავსება კანონიერად ხდება.

ფაქტის შესწავლა შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო.