თბილისის მერიამ კუს ტბაზე მდებარე რესტორნის მეპატრონეს ღობე მოახსნევინა
თბილისის მერიამ კუს ტბაზე მდებარე რესტორნის მეპატრონეს ღობე მოახსნევინა

თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მოთხოვნით, კუს ტბის ტერიტორიაზე მდებარე რესტორნის მფლობელებმა საკუთარ ობიექტში შესასვლელი ღობე მოხსნეს.

როგორც საქართველოს პირველ არხს დედაქალაქის მერიაში განუცხადეს, მუნიციპალურმა ინსპექციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებზე, ამ მომენტისთვის ღობე მოხსნილია და ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მოხვდეს აღნიშნულ ტერიტორიაზე.

კითხვაზე, რა სახის დარღვევას ჰქონდა ადგილი კაფეს მფლობელების მხრიდან, თუკი ეს მათი კუთვნილი ტერიტორიაა, მერიაში განმარტავენ, რომ რადგან აღნიშნულ ტერიტორიაზე კუს ტბაზე გადასახედი სხვა ადგილი არ არის, კერძო მესაკუთრეებს არ აქვთ უფლება, მოქალაქეებს ამ ადგილზე თავისუფლად შესვლა შეუზღუდონ.

ობიექტის შესასვლელთან დამონტაჟებული ღობის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში დღეს გავრცელდა. როგორც „ფეისბუქზე“ ხათუნა ხოფერია წერს, იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეები კაფეში არ შევიდოდნენ, კუს ტბის გადასახედ ადგილას მოხვედრას ვერ შეძლებდნენ.

„დავიჯერო, ნებართვა გაიცა საერთო მოხმარების, დასასვენებელი ზოლის ფულის შოვნის ობიექტად გადაკეთების? დავიჯერო, ეს ვინმემ გაბედა?“- წერდა ხათუნა ხოფერია.