თბილისის მერია გზის გაწმენდის სამუშაოებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
დედაქალაქსა და თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე გზის გაწმენდისა და ტექნიკური მარილის დაყრის სამუშაოები გრძელდება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე დღეების განმავლობაში უკვე 1000 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა.
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელის, დავით ფაჩულიას თქმით, ამ ეტაპზე პრიორიტეტად რჩება ცენტრალური ქუჩებისა და გამზირების გაწმენდა.
„პრიორიტეტულია ცენტრალური ქუჩებისა და გამზირების გაწმენდა, რათა შეუფერხებლად იმოძრაოს მუნიციპალურმა ტრანსპორტმა. რაც შეეხება მეორეხარისხოვან ქუჩებსა და ჩიხებს, „თბილსერვის ჯგუფი“ აქტიურად თანამშრომლობს საპატრულო პოლიციასთან და სატრანსპორტო კომპანიასთან, ასევე ოპერატიულად რეაგირებს ცხელ ხაზზე შემოსულ შეტყობინებებზე“, – განაცხადა დავით ფაჩულიამ.
მერიის პრესსამსახურის ცნობით, გზების გაწმენდის სამუშაოებში ჩართულია 200-მდე თანამშრომელი და სამი ათეული სპეციალური ტექნიკა.
თბილისის მერია მოსახლეობას თხოვნით მიმართავს, თავი შეიკავონ ავტომანქანით გადაადგილებისგან, თუ მას არ აქვს ზამთრის სეზონის საბურავები.
პრობლემის არსებობის შემთხვევაში, მოქმედებს „თბილსერვის ჯგუფისა“ და თბილისის მერიის ცხელი ხაზი – 2 61 90 50, 2 72 22 22.