თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ტესტი 14 პაციენტს ჩაუტარდა და ყველა პასუხი უარყოფითია
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ტესტი 14 პაციენტს ჩაუტარდა და ყველა პასუხი უარყოფითია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევიდან მათ ცენტრში არც ერთი არ არის დადასტურებული.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, გუშინ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ტესტირება 14 პაციენტს ჩაუტარდა და ყველას შემთხვევაში პასუხი უარყოფითი მიიღეს.

მათ შორის საუბარია კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებზეც, რომლებთან დაკავშირებითაც უკვე გამოჯანმრთელების მოლოდინი არსებობს.

ეზუგბაია ამბობს, რომ რომ გუშინ კლინიკა კიდევ ერთმა განკურნებულმა პაციენტმა დატოვა.

„52 გამოჯანმრთელებულიდან 38 არის ჩვენი პაციენტი. ჩვენ გუშინ დაგვემატა ერთი გამოჯანმრთელებული. დღის განმავლობაში გაკეთდა 14 პაციენტზე ტესტირება და ყველასთან უარყოფითია მიღებული. მათ შორის არიან პირები, რომლებიც გამოჯანმრთელებას ელოდებიან. მათი მონიტორინგი გაგრძელდება და ორჯერადი პასუხის შემდეგ, როგორც გამოჯანმრთელებული, ისე შეემატება ამ 52-ს“ , – განაცხადა ეზუგბაიამ და დასძინა, რომ დილის მონაცემით, სინჯი კიდევ შვიდ პაციენტზეა აღებული.

რაც შეეხება გუშინ უკვე დადასტურებული დიაგნოზით სომხეთიდან მიღებულ პაციენტებს, ეზუგბაია ამბობს, რომ მათი მდგომარეობა მძიმე არ არის.

არსებული ინფორმაციით, საუბარია სატვირთო ავტომობილების მძღოლებზე.

„სომხეთიდან გადმოიყვანეს დადასტურებული, ისინი სომხეთში იმყოფებოდნენ. მათი მდგომარეობა არ არის მძიმე. დაავადების დაახლოებით მეცხრე, მეათე დღეა. შესაბამისად, 10 დღის განმავლობაში თუ არ არის დაავადების მკვეთრი პროგრესირება, ასეთი პაციენტების მდგომარეობა მუდმივად სტაბილურია და უფრო ადრე ეწყებათ ხოლმე გამოჯანმრთელება. ეს ორი პაციენტი ასეთ სიტუაციაშია, ალბათ დარჩება სტაბილური მდგომარეობა და გამოჯანმრთელებაც დადგება“ , – განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მძიმე პაციენტებიდან ორის მდგომარეობა განსაკუთრებით საყურადღებოა.

„შვიდ მძიმე პაციენტზე ვლაპარაკობ ბოლო რამდენი ხანია, ორი პაციენტი განსაკუთრებით მძიმეა. ერთი პაციენტის მდგომაროება უკვე რამდენიმე დღის განმავლობაში სტაბილურია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის უკვე განსაკუთრებით მძიმე არ არის“ , – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას განმარტებით, ამ ეტაპზე კლინიკაში მხოლოდ ერთი არასრულწლოვანი მკურნალობს, რომლის მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია.

რაც შეეხება ე.წ. ეროვნული ბანკის კლასტერს, ეზუგბაიას თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში ასეთი სულ ექვსი პირი იმყოფება.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 230 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 52 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში სამი პაციენტი გარდაიცვალა.