საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ფოლკლორის დარბაზ-მუზეუმი მოეწყობა. შესაბამისი მემორანდუმი ეროვნულ ბიბლიოთეკასა და საქველმოქმედო ფონდ „ქართულ გალობას“ შორის გაფორმდება.
დოკუმენტის თანახმად, ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაფუძნდება ფოლკლორის დარბაზ-მუზეუმი, რომელიც ბიბლიოთეკის მეორე კორპუსში განთავსდება.
ფოლკლორის დარბაზ-მუზეუმი ფუძნდება ეროვნული ბიბლიოთეკის სანოტო და აუდიოვიზუალური გამოცემებით მომსახურების განყოფილების ბაზაზე. განყოფილების ფონდში დაცულია ფოლკლორული ჩანაწერების მდიდარი კოლექცია.
ფოლკლორის დარბაზ-მუზეუმის პრიორიტეტი ქართული ფოლკლორული (როგორც მუსიკალური, ასევე ტექსტობრივი) ჩანაწერების თავმოყრა, სისტემატიზაცია და მათი ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობა იქნება.
ფოლკლორის დარბაზ-მუზეუმის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი საქართველოს ეთნოგრაფიის საუკუნოვანი აუდიოისტორიის შესახებ მასალების თავმოყრა და საზოგადოებისთვის მიწოდება იქნება.