ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკასა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის მემორანდუმი გაფორმდა
ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკასა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის მემორანდუმი გაფორმდა

ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკასა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის მემორანდუმი გაფორმდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართული მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა გერმანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლევან იზორიამ, ხოლო გერმანული მხრიდან ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, ბარბარა შნაიდერ-კემფმა.

საგარეო უწყების ცნობით, მემორანდუმი მიზნად ისახავს ბიბლიოთეკებს შორის გამოცდილების გაზიარებისა და სამეცნიერო-საგანმანათლებლო თვალსაზრისით თანამშრომლობას, ერთობლივი კონფერენციებისა და სამეცნიერო შეხვედრების გამართვას, ბიბლიოგრაფიის დარგში ერთობლივი სამეცნიერო კვლევების ჩატარებას, ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში გამოცდილების გაზიარებას.

„ქართული მხარე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს გერმანიაში სხვადასხვა პერიოდში ემიგრირებულ ქართველთა არქივების მოძიებასა და დამუშავებას, გერმანიაში არსებული ქართული არქივების კვლევას“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.