ეროვნულ ბიბლიოთეკასა და კოტე და სოსო წერეთლების მუზეუმს 26 მაისს საზღვრისპირა სოფლების სკოლების მოსწავლეები ესტუმრებიან
ეროვნულ ბიბლიოთეკასა და კოტე და სოსო წერეთლების მუზეუმს 26 მაისს საზღვრისპირა სოფლების სკოლების მოსწავლეები ესტუმრებიან

26 მაისს, „თბილისი-წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან, თბილისის მუზეუმების გაერთიანებასა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან პარტნიორობით, მოსწავლეებისთვის ღონისძიება გაიმართება.

ღონისძიების ფარგლებში, თბილისს ეწვევა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს განსაკუთრებით დაზარალებული საზღვრისპირა სოფლების, მე-10-12 კლასის 50 მოსწავლე.

„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორის, ნინია მაჭარაშვილის თქმით, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ არაერთი პროექტი მოზარდების წიგნიერებით დაინტერესებასა და შემეცნებას ემსახურება

„ყველაზე მეტი, რაც მათ შეგვიძლია მივცეთ, თავისუფლების განცდაა. ამიტომ, პარტნიორებთან ერთად, სიამოვნებით ვუმასპინძლებთ ჩვენი საზღვრისპირა სოფლების მცხოვრებ მოზარდებს, რომლებსაც უფრო ახლოდან გავაცნობთ იმ ადამიანებსა და მოვლენებს, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა განაპირობა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ამასთან, როგორც ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ აღნიშნა, ის, რომ თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქია, ნიშნავს, რომ, გარკვეულწილად, ამ ტიტულს მთელი საქართველო იზიარებს.

„საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები შესანიშნავი ბავშვების მასპინძლობა, სიმბოლურად 26 მაისს, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ. ეს ტენდენცია, ძირითად პროგრამას, მთელი წელი დაერთვება“, – განაცხადა კეკელიძემ.

თბილისის მუზეუმების გაერთიანების დირექტორის, ნინი სანადირაძის განცხადებით, სტუმრები საზღვრისპირა სოფლებიდან გაეცნობიან კოტე და სოსო წერეთლების მუზეუმის მთავარ ექსპოზიციას, რომელიც მისი თქმით, 80-იანი წლების ეპოქის აღდგენის მცდელობაა და რომელიც წინ უძღოდა საბჭოთა იმპერიის ნგრევას.

„ისინი გაეცნობიან დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა სახელებსა და მოვლენებს და ნათლად დაინახავენ ეპოქის წინააღმდეგობით აღსავსე სოციალურ-მორალურ სურათს“, – განაცხადა სანადირაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოსწავლეები დაათვალიერებენ დამოუკიდებლობის დარბაზს და სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილ გამოფენას. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება დამოუკიდებლობის სამი წლის განმავლობაში გამოცემული პრესა და წიგნები, იმ პერიოდში გამოქვეყნებული სამხედრო ბრძანებები, საგარეო ურთიერთობების ამსახველი დოკუმენტები და ფოტომასალა. ასევე, ესტუმრებიან წიგნის მუზეუმსა და მოუსმენენ ლექციას დამოუკიდებლობის შესახებ, რომელსაც წაიკითხავს ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე.

ლექციის დასრულების შემდეგ მოსწავლეები ეწვევიან კოტე და სოსო წერეთლების მემორიალურ სახლ-მუზეუმს. ისინი გაეცნობიან ცნობილი აღმოსავლეთმცოდნისა და საქართველოში ებრაისტიკა-არამეისტიკის ფუძემდებელ, კოტე წერეთლისა და „თვითმფრინავის ბიჭების“ ერთ-ერთი წევრის, მხატვარ სოსო წერეთლის შემოქმედებით და ბიოგრაფიულ დეტალებს.

პარალელურად ,მოსწავლეები დაწვრილებით ინფორმაციას მიიღებენ „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქისა“ და, ერთი წლის განმავლობაში, მოზარდებისთვის დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე.

„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ სახელით, ღონისძიების მონაწილე მოსწავლეები, მიიღებენ სიმბოლურ საჩუქრებს და ინგლისურენოვან წიგნებს კომპანია Emglish books-ისგან.

მერიის ცნობით, „თბილისი-წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია „საქართველოს ბანკი“.