თბილისის 61-ე საჯარო სკოლაში დაპირისპირების მონაწილე მოსწავლეებთან გასაუბრება მიმდინარეობს
თბილისის 61-ე საჯარო სკოლაში დაპირისპირების მონაწილე მოსწავლეებთან გასაუბრება მიმდინარეობს. ამის შესახებ პირველ არხს მანდატურის სამსახურში განუცხადეს.
როგორც მანდატურის სამსახურში აცხადებენ, ფიზიკური დაპირისპირება ორ მე-11 კლასელს შორის გაკვეთილის მიმდინარეობისას მოხდა. ფაქტზე მანდატურმა რეაგირება მოახდინა და მომხდარის შესახებ 112-ს შეატყობინა. ადგილზე პოლიციასთან ერთად, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურიც იმყოფება. ამ დროისთვის კი, დაპირისპირებულებთან გასაუბრება მიმდინარეობს.
ამასთან, როგორც 61-ე სკოლის დირექტორის მოადგილე მადინა ბაღდავაძე აცხადებს, მოსწავლეები ამბობენ, რომ ზარის დარეკვის შემდეგ ერთი მოსწავლე მეორეს ეხუმრა, რომელიც თავის მხრივ აცხადებს, რომ ხუმრობა ვერ გაიგო და ამის გამო წაკამათდნენ.
„პრევენციის მიზნით გამოვიძახეთ პოლიცია. თავად ამბობენ, რომ იხუმრეს, მაგრამ ჩვენ არ ვიცით დაპირისპირების ზუსტი მიზეზი. სასწრაფო იმიტომ გამოვიძახეთ, რომ დაკაწრული იყვნენ. სათვალეზე მოხვდა ხელი და ამიტომ აქვს ნაკაწრი. აქ არის საპატრულო პოლიციაც და გამომძიებლებიც. ბავშვები ახლაც სკოლაში იმყოფებიან“, – განაცხადა დირექტორის მოადგილემ.
ინციდენტი თბილისის 61-ე საჯარო სკოლაში დღეს დილით მოხდა.