თბილისის 21-ე საერთაშორისო ჯაზფესტივალი დასრულდა
თბილისის 21-ე საერთაშორისო ჯაზფესტივალი დასრულდა

რიგით 21-ე საერთაშორისო ჯაზფესტივალი თბილისის საკონცერტო დარბაზში Miles Electric Band-ის კონცერტით ოფიციალურად დაიხურა.

ფესტივალის დახურვაზე სპეციალური სტუმარი – ცნობილი საქსოფონისტი რავი კოლტრეინი იყო.

ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, 2018 წლიდან თბილისის ჯაზფესტივალი ყოველწლიურად, შემოდგომის ნაცვლად, გაზაფხულზე, აპრილის ბოლოს გაიმართება და ჯაზის მოყვარულთათვის კიდევ ერთ მნიშვნელოვან თარიღს – ჯაზის საერთაშორისო დღეს დაემთხვევა.

„თბილისის რიგით 21-ე საერთაშორისო ჯაზფესტივალი დასრულდა. დღეს იყო ფესტივალის ბოლო დღე. ასევე, დღეს არის ჯაზის საერთაშორისო დღე, რომელიც აღენიშნება 250 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც. საქართველო უკვე მეხუთე წელია აღნიშნავს ამ თარიღს. რაც შეეხება დღევანდელ კონცერტს, დღეს, შეიძლება ითქვას, მუსიკის ნამდვილი ზეიმი იყო. უმაღლესი დონის შესრულება მოისმინა ქართველმა მსმენელმა. ამ ყველაფერმა ალბათ მონუსხა ჩვენი მსმენელიც და ეს ემოცია დაუვიწყარი იქნება ყველასთვის“, – განაცხადა „ისტერნ პრომოუშენის“ წარმომადგენელმა, გიორგი კერესელიძემ.

ფესტივალი 28 აპრილს გაიხსნა და სამი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. ფესტივალის ფარგლებში ქართველი მსმენელის წინაშე, მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად, ახალგაზრდა ქართველი შემსრულებლებიც წარდგნენ.