30 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, თბილისის რიგით მე-11 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი გაიმართება.
ფესტივალს 1935 წელს გადაღებული პირველი ქართული ანიმაციური ფილმით „არგონავტები“ გაიხსნის. ამ ფილმის ჩვენება ქართველი და უცხოელი მაყურებლისთვის საქართველოს ეროვნული არქივის მხარდაჭერით მოეწყობა. ქართული კინოს 110 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, „კინოსტუდია ქართული ფილმის“ მხარდაჭერით, ფესტივალზე ძველი ქართული ფილმების აფიშების გამოფენა იქნება წარმოდგენილი. ფესტივალის დაჯილდოების ცერემონია კი 3 ივნისს, განახლებულ თეატრ „სპარტაკში“ გაიმართება.
საკონკურსო პროგრამაში წელს 11 ქვეყნის 25 ფილმი მონაწილეობს. მაყურებელს შესაძლებლობა ექნება დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ბელგიის, ისრაელის, რუმინეთის, ჩინეთის, ავსტრალიის, ინდოეთის, აშშ-ს, შვეიცარიის და საქართველოს კინოსკოლების საუკეთესო ნამუშევრები იხილოს. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება მასტერკლასები, კინოჩვენებები, სარაევოს კინოაკადემიის პრეზენტაცია და სხვა სტუდენტური ღონისძიებები.
ფესტივალს 20-ზე მეტი უცხოელი სტუდენტი და კინოხელოვანი ეწვევა, რომელთა შორის არიან ჟიურის წევრები ნენად დიზდარევიჩი (სარაევოს კინოაკადემია) და ორით აზოულაი (სემ შპიგელის კინოსკოლა, ისრაელი). უცხოელ კოლეგებთან ერთად, საფესტივალო ფილმებს შეაფასებენ ჟიურის ქართველი წევრები ნატა მურვანიძე და ზაზა ხალვაში.
დაჯილდოების ცერემონიაზე გამარჯვებული ოთხ ნომინაციაში გამოვლინდება: საუკეთესო მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაცური ფილმი. ჟიური გამარჯვებულებს 2018 წლის გრან-პრის გადასცემს. ასევე, გაიცემა სპეციალურ სერტიფიკატები იმ სპეციალობების მიხედვით, რომელიც ისწავლება კინოსკოლებში: რეჟისურა, ხმის რეჟისურა, მონტაჟი, ოპერატორის ნამუშევარი.
პროექტი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, თბილისის მერიის და კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში ხორციელდება.