„თბილისი-წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პირველი წიგნის ​ფლიმარკეტი, 20 ივნისს, მზიურის პარკში გაიმართება
„თბილისი-წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პირველი წიგნის ​ფლიმარკეტი, 20 ივნისს, მზიურის პარკში გაიმართება

„თბილისი-წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ 20 ივნისს, მზიურის პარკში პირველი წიგნის ფლიმარკეტს გამართავს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია და ნებისმიერ ადამიანს, ვისაც უყვარს კითხვა, შეუძლია, მივიდეს ღონისძიებაზე და მისაღებ ფასში შეიძინოს ან გაყიდოს წიგნები, ვინილის ფირფიტები, მოუსმინოს მუსიკას და სასიამოვნოდ გაატაროს დრო.

„ფლიმარკეტზე წიგნებს გაყიდიან როგორც კერძო პირები, რომლებიც გასაყიდ წიგნებს პირადი ბიბლიოთეკიდან გამოიტანენ, ასევე, ბუკინისტები და წიგნის მაღაზიები. ამრიგად, მყიდველს ექნება არჩევანი – შეიძინოს მეორეული ან სრულიად ახალი წიგნი. შესაძლებელი იქნება, წიგნების როგორც გაყიდვა, ისე გაცვლა ან გაჩუქება.

პირველი ფლიმარკეტის თემა იქნება წიგნები და მუსიკა. ამრიგად, წიგნის თემაზე შექმნილი ნივთების გარდა, გაიყიდება მეორეული ვინილის ფირფიტებიც, ხოლო, მცირე სცენაზე, მუსიკის მოყვარულები: მირიან ჯუღელი, გური გოლიაძე და ოთო ჯანგავაძე, ვინილების საკუთარი კოლექციიდან, საყვარელ კომპოზიციებსაც დაუკრავენ. ასევე, საღამოს მუსიკალურ განწყობაზე იზრუნებს დიჯეი Alfreda Stieglitz.

ფლიმარკეტზე განთავსებული იქნება „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქისა“ და მისი გენერალური სპონსორის, საქართველოს ბანკის ზონები, სადაც, ფლიმარკეტის სტუმრებს, დასვენებისა და განტვირთვის საშუალება ექნებათ.

წლის განმავლობაში, დაგეგმილია ოთხი წიგნის ფლიმარკეტის გამართვა, რომლებსაც ქალაქის სხვა პარკებიც უმასპინძლებს.

„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი“, – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.