„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნება
2 თებერვალს, 14:00-დან 16:00 საათამდე, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქისა“ და საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის ორგანიზებით, პუშკინის სკვერში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებული სახალხო ღონისძიება გაიმართება.
ღონისძიების მასპინძლები იქნებიან მწერლები: თეონა დოლენჯაშვილი, ალექსანდრე ლორთქიფანიძე, ბესო ხვედელიძე, ეკატერინე ტოგონიძე და მიშა ბახსოლიანი, რომლებიც წაიკითხავენ ამონარიდებს სხვადასხვა ლიტერატურული ნაწარმოებიდან.
ღონისძიებაში ჩართვა შეეძლება ნებისმიერ მსურველს, რისთვისაც სკვერში განთავსებული თაროდან, წიგნს შემთხვევითობის პრინციპით აირჩევენ, მოკლე მონაკვეთის საჯაროდ წაკითხვის შემდეგ კი, წიგნი საჩუქრად გადაეცემათ. თაროზე განთავსებული იქნება სხვადასხვა გამომცემლობის განსხვავებული ჟანრის წიგნები – როგორც ქართველი ავტორებისა, ისე თარგმანები.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მრავალი წელია, ასზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება. მასში ჩართულია მილიონობით მკითხველი, ავტორი, მთარგმნელი თუ გამომცემელი. ამ დღის მიზანია წიგნის კითხვის პოპულარიზაცია.
„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია „საქართველოს ბანკი“.