თბილისი-ვენის ავიარეისი, რომელსაც აფრენისას ტექნიკური პრობლემა შეექმნა, თბილისის აეროპორტში უსაფრთხოდ დაჯდა
„აირზენას“ კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც ავიარეისს თბილისიდან ვენის მიმართულებით ასრულებდა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უსაფრთხოდ დაჯდა.
თვითმფრინავს აფრენის შემდეგ მალევე პრობლემები შეექმნა და დაახლოებით ორი საათის განმავლობაში თბილისის გარშემო დაფრინავდა. როგორც ცნობილია, აფრენის შემდეგ თვითმფრინავის შასი არ დაიხურა და პილოტმა საწვავის დაცლა გადაწყვიტა, რათა თვითმფრინავი უსაფრთხოდ დამჯდარიყო.
ცნობილია, რომ ბორტზე 180 მგზავრი იმყოფებოდა. თბილისის აეროპორტში მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარება და სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ამ წუთებში მგზავრები აეროპორტის ტერიტორიაზე იმყოფებიან. ტექნიკური ჯგუფი თვითმფრინავს ამოწმებს.
ოფიციალური კომენტარი მომხდარის შესახებ ჯერ არ გაკეთებულა.