თბილისი პრაიდის კვირეულს მასპინძლობს. კვირეული, რომელიც სამი ღონისძიებისგან შედგება, დღეს გაიხსნა და 8 ივლისს პრაიდ ფესტივალით დასრულდება.
დღევანდელ ღონისძიებას ლგბტქ+ ადამიანები, მხარდამჭერები, საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან. როგორც აღინიშნა, საღამოს განსაკუთრებული სტუმარი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვიჩი იქნება.
საქართველოში გაერო-ს წარმომადგენლის, ნიკ ბერესფორდის განცხადებით, ღონისძიების უსაფრთხოება დაცულია და თითოეული მონაწილის უსაფრთხოების დაცვას შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს.
„ძალიან მოხარული ვარ, რომ ვესწრებით პრაიდ კვირეულის პირველ დღეს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და სხვა პარტნიორები. მოხარულები ვართ, რომ თემის წევრები აქტიურად იკრიბებიან და იმედია, ძალიან საინტერესო, მხიარული საღამო და ღონისძიება გამოვა. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ღონისძიების უსაფრთხოება დაცულია და თითოეული მონაწილის უსაფრთხოების დაცვას უზრუნველყოფს. ჩვენ, გაერო დღეს აქ იმიტომ ვართ, რომ ვიცავთ ადამიანის უფლებებს. ადამიანის უფლებები არის ყველასთვის და ვერ გავარჩევთ და ვერ დავიცავთ შერჩევით. ყველას აქვს უფლება, იყოს ის, ვინც არის. ყველას აქვს უფლება, უყვარდეს ის, ვინც უნდა და ყველას აქვს უფლება, გამოხატოს საკუთარი თავი ისე, როგორც უნდა“, – განაცხადა საქართველოში გაერო-ს წარმომადგენელმა, ნიკ ბერესფორდმა.
ღონისძიებას ასევე ესწრება საქართველოში ნიდერლანდების ელჩი.
„დღეს იწყება პრაიდ კვირეული და ჩვენთვის ეს არის დღესასწაული, ეს არის თანასწორობის დღესასწაული იმისთვის, რომ ყველას შევახსენოთ, თანასწორობა არის უპირველეს ყოვლისა ყველა ადამიანის მიმართ, განურჩევლად მათი ნებისმიერი ნიშნისა. პრაიდ კვირეული ასევე არის იმისთვის, რომ ადამიანები უნდა იყვნენ ისინი, ვინც არიან და ისე, როგორც არიან. მადლობელი ვარ, რომ დღევანდელი ღონისძიება არის დაცული, მონაწილეები თავს გრძნობენ უსაფრთხოდ და იმედია, რომ პრაიდის კვირეულის ხვალინდელი ღონისძიებებიც ჩაივლის ასევე უსაფროდ ყველასთვის“, – განაცხადა საქართველოში ნიდერლანდების ელჩმა, მააიკე ვან კოლდამმა.
როგორც ცნობილია, გახსნის ღონისძიებაზე დაჯილდოვდებიან თბილისი პრაიდის მიერ გამოცხადებული ვიზუალური ხელოვნებისა და ლგბტქ+ თემაზე შექმნილი ესეების კონკურსების გამარჯვებულები.