მამუკა მდინარაძე - ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონს რუსული კი არა, სულ რომ საბჭოთა ეძახონ, ამას ბოლომდე მივიყვანთ, რადგან ეს არის თანამედროვეობის უდიდესი გამოწვევა
მამუკა მდინარაძე - ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონს რუსული კი არა, სულ რომ საბჭოთა ეძახონ, ამას ბოლომდე მივიყვანთ, რადგან ეს არის თანამედროვეობის უდიდესი გამოწვევა

ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონს რუსული კი არა, სულ რომ საბჭოთა ეძახონ, ამას ბოლომდე მივიყვანთ, რადგან ეს არის თანამედროვეობის უდიდესი გამოწვევა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძეს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, „ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე ოპოზიცია მიჰყვება „თბილისი პრაიდის“ მიერ საერთაშორისო პარტნიორებთან შეთანხმებულ სტრატეგიას“.

„პირდაპირი რეკომენდაციაა იმასთან დაკავშირებით, რომ ჯერ დაწეროს „ქართულმა ოცნებამ“ კანონი ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ და შემდეგ ააგორონ, როგორც ეს შარშან, მარტში გააკეთეს. წლისთავი იყო ამ ფეიკკამპანიის, ეს იყო საუკუნის აფერა, რომ ამერიკული კანონი და მისი პირდაპირი თარგმანი შეასაღეს საზოგადოებას, ახალგაზრდების ნაწილს, როგორც რუსული კანონი. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართულ კანონს რუსული კი არა, სულ რომ საბჭოთა ეძახონ, ჩვენ ამას ბოლომდე მივიყვანთ, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის თანამედროვეობის უდიდესი გამოწვევა. ეს არ არის ჰაერიდან მოტანილი თემა. ჰაერიდან მოტანილ თემაზე არ ლაპარაკობს რომის პაპი, ჰაერიდან მოტანილ თემაზე არ ლაპარაკობენ ადამიანები, რომლებიც ეროვნული იდენტობისა და მსგავსი საკითხების შენარჩუნებაზე ზრუნავენ თანამედროვე, ცივილიზებულ სამყაროში. ოფიციალურ სტრუქტურებშიც კი შეაღწია თემამ, რომ უნდა აიკრძალოს საუბარი დედაზე და მამაზე და მხოლოდ მშობელი უნდა ვახსენოთ. ჩვენ ამას უნდა დავუპირისპირდეთ და ჩვენს მეგობრებს, თუკი მათთანაც არის ეს სერიოზული პრობლემები, ვუთხრათ, რომ ეს არ არის სწორი მიდგომა, ეს არის მიუღებელი ქართული საზოგადოებისთვის, ისევე როგორც მიუღებელია არატრადიციული ცხოვრების წესიდან გამომდინარე ქორწინების დაშვება. ჩვენ ამიტომ 2017 წელს წინასწარვე გავიმყარეთ პოზიციები და კონსტიტუციაში ჩავწერეთ, რომ ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალის და მამაკაცის კავშირი. ეს საკითხი არ გადაიხედება. უკვე გაიშიფრა, რომ „პრაიდის“ წარმომადგენლები თურმე იქით აძლევენ რეკომენდაციებს თავიანთ პატრონებს იმასთან დაკავშირებით, როდის უნდა გააპროტესტონ კანონი, როდის – რუსული დაარქვან. ეს სქემა ბოლომდე გაშიფრულია და ალბათ ქართული საზოგადოება თავის დასკვნებს გამოიტანს, თუ რა ხდებოდა შარშან, როდესაც ასევე სპეკულაციურად ამერიკულ კანონს რუსული დაერქვა“, – განაცხადა მდინარაძემ.