ირაკლი ღარიბაშვილი - ოპოზიცია და ყველა მათი სატელიტი გაშიფრულია, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების უკან დგას „ნაციონალური მოძრაობა“, მთელი თავისი დანაყოფებით
ირაკლი ღარიბაშვილი - ოპოზიცია და ყველა მათი სატელიტი გაშიფრულია, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების უკან დგას „ნაციონალური მოძრაობა“, მთელი თავისი დანაყოფებით

ოპოზიცია და ყველა მათი სატელიტი ორგანიზაცია გაშიფრულია, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების უკან დგას „ნაციონალური მოძრაობა“, მთელი თავისი დანაყოფებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ზუგდიდში განუცხადა, სადაც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის პარტიულ აქტივთან შეხვედრა გამართა.

ღარიბაშვილს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, „ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე ოპოზიცია მიჰყვება „თბილისი პრაიდის“ მიერ საერთაშორისო პარტნიორებთან შეთანხმებულ სტრატეგიას“.

„ოპოზიცია და ყველა მათი სატელიტი ორგანიზაცია გაშიფრულია. თქვენ ახსენეთ „პრაიდი“. მინდა, ხალხს შევახსენო, 2021 წლის ივნისში ვინ იდგა პროვოკაციის უკან, ხომ არ შემახსენებთ? „პრაიდი“, „პრაიდის“ უკან იდგა „სირცხვილია“, „სირცხვილიას“ უკან – სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“. ეს ძალიან მარტივი მოცემულობაა. ყველა ამ დესტრუქციული, პროვოკაციული, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების უკან დგას ოპოზიცია. ვინ არის დღეს რეალურად ოპოზიცია, სხვა არ არსებობს, ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მთელი თავისი დანაყოფებით.

მინდა, ვთქვა, რომ მაშინ ეს პროვოკაცია რაც დაიგეგმა ქვეყნის წინააღმდეგ, ეს იყო კარგად გააზრებული პროვოკაცია. შარშან, მარტის აქციების დროს ვინ იდგა – პროვოკაციული, დესტრუქციული ძალები, რომელთა უკან დგანან „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი სატელიტები. დღეს საუბარია, თითქოს რაღაც ახალი პარტია შეიქმნა. როგორ შეიძლება, ნორმალურად მოაზროვნე ადამიანმა დაიჯეროს, რომ ნიკა გვარამია ქმნის ახალ პარტიას, ან ნიკა მელია, ან „გირჩი“, ან „ლელო-ხაზარაძე?“ ეს ერთი ორგანიზმია, თავისი წანაზარდებით. ქართველი ხალხი არის ბრძენი, ვერ მოატყუებენ ეს დესტრუქციული მტრული ძალები. ისინი არ ემსახურებიან ხალხის ინტერესებს. მათი მიზანია სხვა ქვეყნების ინტერესების, დავალებების შესრულება.

ორი წლის წინ ეს ადამიანები მოუწოდებდნენ და მზად იყვნენ, ქვეყანა ჩაერთოთ ომში. პირდაპირ გააზრებული ქმედებები იყო, რომ ქვეყანაში გადმოეტანათ მეორე ფრონტი. ეს იყო კოორდინირებული მოქმედებათა მთელი ჯაჭვი, რომლის უკან იდგა ეს დესტრუქციული ძალა. ამ არჩევნებზე ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, გავიმარჯვოთ ძლიერად და დამაჯერებლად. არჩევნები სუფთად უნდა ჩავატაროთ, რათა ჩვენდამი მტრულ ძალებს არცერთი კითხვა არ დარჩეთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.