„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, ვარკეთილში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირი არ ყოფილა
კომპანია „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, ვარკეთილში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირი არ ყოფილა. კომპანიის სწრაფი რეაგირების სამსახური საცხოვრებელ სახლში, სადაც დღეს დილით აფეთქება მოხდა ცოტა ხნის წინ შევიდა, მას შემდეგ, რაც ბინაში ხანძრის ლიკვიდირება მოხდა.
შემთხვევის ადგილი დაათვალიერეს კომპანია „თბილისი ენერჯის“ წარმომადგენლებმა და გამორიცხეს ბუნებრივი აირის დაგროვება.
„ადგილზე მოხდა „თბილისი ენერჯის“ სწრაფი რეაგირების სამსახურის მიერ ადგილის დათვალიერება და შესწავლა. პირველადი დათვალიერებით აღნიშნული ინციდენტი გაზის აფეთქებასთან დაკავშირებული არ არის. სხვა ვერსიებზე არ შემიძლია ვისაუბრო, მე შემიძლია გამოვრიცხო, რომ გაზისგან მოხდა აფეთქება. აფეთქების სურათიდან გამომდინარე, იქ მომხდარი დამწვრობა არ ჰგავს გაზის აფეთქებას. ამ წუთისთვის აღნიშნულ კორპუსში შეწყვეტილია გაზის მიწოდება, ჩვენ გამოძახებულები ვიყავით ინციდენტის შემდეგომ, გაზქურა ადგილზე დგას ისევ, არ არის დაზიანებული შიგნით ინვენტარი იმდაგვარად, როგორც შეიძლება დაზიანებული ყოფილიყო გაზის აფეთქების შედეგად. ჯერ ხანძარი იყო და შემდეგ რაღაც მიკრო აფეთქებები, რაც შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო საყოფაცხოვრებო ნივთებიდან“, – განაცხადა „თბილისი ენერჯის“ სადისპეჩერო და სწრაფი რეაგირების ცენტრის უფროსმა, ირაკლი დეკანოიძემ.