თავშესაფრის შემდგომი პროგრამების შემუშავებაში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობისგან დაცვის სერვისების მიმღები ბენეფიციარები ჩაერთნენ
ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრების ბენეფიციარების ეკონომიკური გაძლიერება და სახელმწიფოს მხრიდან გრძელვადიანი მხარდაჭერა, – ამ საკითხებზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილმა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიასთან ერთად, თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრის ბენეფიციარებთან შეხვედრისას ისაუბრა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა, თუ რა ტიპის მხარდაჭერა სჭირდებათ და რა გამოწვევების წინაშე არიან ის ადამიანები, რომლებმაც უკვე ისარგებლეს სახელმწიფოს სერვისებით და დატოვეს თავშესაფარი.
შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ერთის მხრივ მნიშვნელოვანია თავშესაფრის შემდგომი მხარდაჭერა და ეკონომიკური გაძლიერება. ხოლო, მეორეს მხრივ ასევე მნიშვნელოვანია იმ ადამიანების მხარდაჭერა და გაძლიერება, მათ შორის თავად ძალადობაგამოვლილი ადამიანების და საზოგადოების მხრიდან, რომლებიც დღემდე ვერ აღწევენ თავს ძალადობას.
პრემიერის მრჩეველმა კრიზისული ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, სადაც ძალადობის მსხვერპლ ადამიანებს თავშესაფრის სერვისით სარგებლობა დამოკიდებულ პირებთან ერთად შეუძლიათ. ასევე, ცენტრი ბენეფიციარებს უფასო ფსიქოლოგიურ-სოციალურ რეაბილიტაციასა და სამართლებრივ კონსულტაციას სთავაზობს. აღინიშნა, რომ კრიზისული ცენტრი, ძალადობაგამოვლილ ადამიანებს უსაფრთხო გარემოს უქმნის. თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრის მიზანი ძალადობაგამოვლილი ადამიანების დაცვა, დახმარება და რეაბილიტაციაში ხელშეწყობაა. ამ დროისათვის, ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს ხუთი კრიზისული ცენტრი და ხუთი თავშესაფარი. ძალადობის მსხვერპლ ადამიანებს თავშესაფარში მოხვედრა ან კონსულტაციის გავლა ცხელი ხაზის (116 006) საშუალებით 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ.