თამარ ბარკალაია - გაერო-ს ბავშვთა ფონდის კვლევის მიხედვით, ბავშვის აღზრდის ძალადობრივი მეთოდების გამოყენების შემცირების კუთხით დადებითი დინამიკაა
თამარ ბარკალაია - გაერო-ს ბავშვთა ფონდის კვლევის მიხედვით, ბავშვის აღზრდის ძალადობრივი მეთოდების გამოყენების შემცირების კუთხით დადებითი დინამიკაა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ ბარკალაიას შეფასებით, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გაერო-ს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩატარებული ბავშვთა კეთილდღეობის კვლევის თანახმად, ბავშვის აღზრდის ძალადობრივი მეთოდების გამოყენების შემცირების კუთხით დადებითი დინამიკაა.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საზოგადოება ადრინდელზე უკვეთ არის ინფორმირებული ბავშვთა უფლებების შესახებ. ასევე, მნიშვნელოვანი ფაქტორია ხელისუფლების მკაცრი რეაგირება ბავშვისა და ქალის მიმართ ოჯახური ძალადობის შემთხვევებზე. კვლევის მიხედვით, 2018 წლიდან 2022 წლამდე 66%-იდან 29.4%-მდეა შემცირებული ფსიქოლოგიური აგრესიის გამოყენება; 31%-იდან 4.8%-მდე შემცირდა ფიზიკური დასჯა; 5%-იდან 0.1%-მდე არის შემცირებული სასტიკი ფიზიკური დასჯა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ანგარიშში დადებითად არის შეფასებული ის სამედიცინო სერვისები და ხარისხიც, რასაც სახელმწიფო მოქალაქეებისა და ბავშვებისთვის უზრუნველყოფს.

„ეს არის მუშაობისა და გატარებული რეფორმების შედეგი, რაც თითოეული მოქალაქისთვის ხარისხიანი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაში გამოიხატება. ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ სამედიცინო მომსახურების მისაღებად გეოგრაფიული ბარიერები კვლევაში თითქმის არ ფიქსირდება“, – აღნიშნა თამარ ბარკალაიამ.