„თავისუფალი საქართველოს“ წევრებმა და ეროვნული მოძრაობის ვეტერანებმა 1992 წლის 2 თებერვალს დაღუპულები გაიხსენეს
„თავისუფალი საქართველოს“ წევრებმა და ეროვნული მოძრაობის ვეტერანებმა 1992 წლის 2 თებერვალს დაღუპულები გაიხსენეს. გმირთა მოედანზე შეკრებილებმა 28 წლის წინ მომხდარის გამოძიება მოითხოვეს.
როგორც პარტიის ლიდერმა, კახა კუკავამ განაცხადა, გამოძიებისთვის საჭირო დოკუმენტურ მასალებს შესაბამის უწყებებს გადასცემენ.
„ჩვენ დღეს ვუგზავნით თარგმნილ ვიდეოარქივს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას და ჩვენი თხოვნა იქნება ევროპის საბჭოს, ევროპარლამენტის და ამერიკის კონგრესის წარმომადგენლები გაეცნონ ამ დოკუმენტაციას და მათ განახორციელონ ზეწოლა, რათა პირველ რიგში მხედრიონელები, რომლებიც დღეს იკავებენ უმაღლეს პოსტებს, მოაცილონ ამ თანამდებობებს და შემდგომ მათ წინააღმდეგ დაიწყოს გამოძიება”, – განაცხადა კახა კუკავამ.
1992 წლის 2 თებერვალს ზვიად გამსახურდიას მომხრეების საპროტესტო მშვიდობიანი მანიფესტაცია თბილისის ცენტრში, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა, სადაც მათ ცეცხლი გაუხსნეს. დაიღუპა ათობით და დაშავდა ასობით მშვიდობიანი მომიტინგე.