თავდაცვის მინისტრი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო
თავდაცვის მინისტრი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო

საქართველოს თავდაცვის ძალები ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში უკვე მეორე დღეა, აქტიურად არის ჩართული.

ცეცხლის ქრობის სამუშაოების მიმდინარეობას საქართველოს თავდაცვის მინისტრი დღესაც პირადად გაეცნო. ჯუანშერ ბურჭულაძე ადგილზე კიდევ ერთხელ ჩავიდა და უშუალოდ მოინახულა ცეცხლის ქრობის პროცესი.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით და ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებების ეფექტიანად განსახორციელებლად პროცესში თავდაცვის ძალები საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით ჩაერთნენ.

ამჟამად, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობისა და აღმოსავლეთის სარდლობის I ბრიგადისა და საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის სწრაფი რეაგირების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ასეულის პირადი შემადგენლობა ახორციელებს.

სამხედროები სპეციალური ტექნიკის – მუხლუხებიანი ყველგან მავალი სახანძრო-სამაშველო ტექნიკის MTLB, წყალმზიდებისა და მაღალი გამავლობის სახანძრო ავტომანქანების საშუალებით ხანძრის დროულ ლოკალიზებას ცდილობენ.

ინფორმაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა.