ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს, თამაზ გაიაშვილს თუ არ მოსწონს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, შეუძლია, იფრინოს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, არ არის არანაირი პრობლემა, – ამის შესახებ თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ოპერატორი კომპანია „ტავ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, თეა ზაქარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ტავ ჯორჯია“ „ჯორჯიან ეარვეისს“ ფრენებს არ შეუზღუდავს და აღნიშნა, რომ „ჯორჯიან ეარვეისის“ დავალიანებაზე სასამართლოს მიმართავენ.
„ჩვენ ვმოქმედებთ არსებული ხელშეკრულებით, რაც გვაქვს „ჯორჯიან ეარვეისთან“. ხელშეკრულების ჩარჩოებიდან არასდროს გავდივართ. არ ვაპირებთ ფრენების გაჩერებას და არ ვაპირებთ, დისკომფორტი შევუქმნათ მგზავრებს, რომლებიც ჩვენი აეროპორტით სარგებლობენ. „ჯორჯიან ეარვეისი“ სარგებლობს ყველაზე დაბალი ტარიფებით, რაც კი ამ აეროპორტში არსებობს. 2018 წლის ივნისში „ჯორჯიან ეარვეისის“ ხელმძღვანელმა მოაწერა ხელი ხელშეკრულებას, სადაც მშვენივრად იყო გაწერილი ტარიფები და პირობები, 2018 წლის ივლისიდან კი, ავიაკომპანიამ შეწყვიტა გადახდა. ბოლო სამი თვის განმავლობაში გადაიხადა მხოლოდ მომსახურების 50 პროცენტი, ხოლო ივლისში, სექტემბერში, ოქტომბერში, ნოემბერსა და დეკემბერში არ იხდიდა. სწორედ ამან გამოიწვია დავალიანების დაგროვება. რატომ არ შევაჩერეთ აქამდე? ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი მგზავრი, იქნება ეს „ჯორჯიან ეარვეისი“, თუ „ლუფტჰანზა”. შევთავაზეთ გადახდის საკმაოდ მოქნილი გრაფიკი. აუცილებლად მივმართავთ სასამართლოს და დაიწყება პროცესი. ამ თემას სამართლებრივად მივყვებით“, – განაცხადა თეა ზაქარაძემ.
„ტავ ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ მათთვის გაუგებარია „ჯორჯიან ეარვეისის“ პრეტენზიები ინფრასტრუქტურასთან და მომსახურებასთან დაკავშირებით.
„გაუგებარია მათი პოზიცია, რადგან აეროპორტში ოპერირებს 50 ავიაკომპანია და მსგავსი პრეტენზიით არც ერთ ავიაკომპანიას არ მოუმართავს. რაც შეეხება ინვესტიციას, „ტავ ჯორჯიამ“ 2005 წლიდან საქართველოში 180 მილიონის ინვესტიცია განახორციელა. დღეის მდგომარეობით, გადასახადის სახით ბიუჯეტში 181 მლნ ლარი გვაქვს გადახდილი. როცა ინვესტიციაზე და მის მოცულობაზეა საუბარი, ჩვენი მხრიდან მოცულობა საკმაოდ დიდია და არანაირი კაბალური პირობები კონტრაქტში არ არის. ჩვეულებრივი ტარიფებია. „ჯორჯიან ეარვეისი“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ერთადერთი ავიაკომპანიაა, რომელიც თავის თავს ემსახურება, რაც არის მიწის ზედა მომსახურება. შესაბამისად, ის არ სარგებლობს ჩვენი ტექნიკითა და ავტობუსებით. ასევე, ბილიკები არის სრულიად ახალი. 2016 წელს მოხდა ბილიკის რეაბილიტაცია და აშენდა ახალი ტერმინალი.
„ჯორჯიან ეარვეისის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე თამაზ გაიაშვილი აპელირებს ყველაფერზე. არ მოსწონს თურქული სახელი. ჩვენი კომპანია ბოლო ორი წელია, ფრანგულია. 2015 წელს თავის 47 პროცენტი გაიყიდა. ის აპელირებს, რომ ეს არის თურქული კომპანია და ამბობს, რომ ეს არის ცუდი ტერმინალი. ვთავაზობ მას, თუ არ მოსწონს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, შეუძლია, იფრინოს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, არ არის არანაირი პრობლემა. უსაფრთხოებას რაც შეეხება, არ ვიცი, რას გულისხმობს, რადგან არ მომისმენია. თუ საავიაციო უშიშროებას გულისხმობთ, საავიაციო უშიშროების თემას სახელმწიფო კურირებს“, – განაცხადა თეა ზაქარაძემ.
ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ რამდენიმე დღის წინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, რომ „თურქული კომპანია „ტავ ურბან ჯორჯია“ ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისს“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენების განხორციელების საშუალებას არ აძლევს და ითხოვს არარეალური ვალების დაფარვას, რისი ერთადერთი მიზანიც ავიაკომპანიის და მისი მგზავრების გაძარცვაა“.
„აირზენას“ ბრალდებებთან დაკავშირებით „ტავ ჯორჯიამ“ 11 მარტს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ „ოპერატორი კომპანიის მიერ შეთავაზებული გადახდის გრაფიკის დაწესების მიუხედავად, ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ უარს ამბობს ფინანსური ვალდებულებების შესრულებაზე. იმ შემთხვევაში, თუ ავიაკომპანია არ შეასრულებს ნაკისრ ფინანსურ ვალდებულებას, „ტავ ჯორჯია“ იძულებული გახდება, შეუზღუდოს ავიაკომპანიას აეროპორტის სერვისებისა და ინფრასტრუქტურის გამოყენების შესაძლებლობა. „ტავ ჯორჯიას“ მიერ, „ჯორჯიან ეარვეისისთვის“ გაგზავნილი წინასწარი შეტყობინებებისა და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ავიაკომპანია უარს ამბობს, დაიცვას თავისი მგზავრების ინტერესები და შეასრულოს ნაკისრი ფინანსური ვალდებულებები“, – ნათქვამია განცხადებაში.
„ჯორჯიან ეარვეისის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, თამაზ გაიაშვილმა და კომპანიის თანამშრომლებმა დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან აქცია გამართეს. თამაზ გაიაშვილმა განაცხადა, რომ „ტავ ჯორჯია“ ვერ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას როგორც ტექნიკური, ისე ადამიანური რესურსებით.