„აირზენას“ ბრალდებებთან დაკავშირებით „ტავ ჯორჯია“ განცხადებას ავრცელებს
„აირზენას“ ბრალდებებთან დაკავშირებით „ტავ ჯორჯია“ განცხადებას ავრცელებს

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისს“ (Georgian Airways) თბილისის და ბათუმის აეროპორტების ოპერატორი კომპანიის მიმართ გააჩნია დავალიანება, რაც დღევანდელი მონაცემებით 9 მილიონ ლარს აღემატება, – აცხადებენ „ტავ ჯორჯიაში“.

კომპანია ქართული ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებას და ხვალისთვის დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება.

„ოპერატორი კომპანიის მიერ შეთავაზებული გადახდის გრაფიკის დაწესების მიუხედავად, ავიაკომპანია უარს ამბობს ფინანსური ვალდებულებების შესრულებაზე. იმ შემთხვევაში, თუ ავიაკომპანია არ შეასრულებს ნაკისრ ფინანსურ ვალდებულებას, „ტავ ჯორჯია“ იძულებული გახდება, შეუზღუდოს ავიაკომპანიას აეროპორტის სერვისების და ინფრასტრუქტურის გამოყენების შესაძლებლობა. „ტავ ჯორჯიას“ მიერ, „ჯორჯიან ეარვეისისთვის“ გაგზავნილი წინასწარი შეტყობინებებისა და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ავიაკომპანია უარს ამბობს, დაიცვას თავისი მგზავრების ინტერესები და შეასრულოს ნაკისრი ფინანსური ვალდებულებები“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ტავ ჯორჯია“ აღნიშნავს, რომ მასსა და „ჯორჯიან ეარვეისს“ შორის არსებული თანამშრომლობა უკვე 14 წელს ითვლის და ამ წლების განმავლობაში ავიაკომპანია სარგებლობდა ყველა იმ პრივილეგიით და შეღავათებით, რასაც აეროპორტების ოპერატორი კომპანია საქართველოში ბაზირებული, ეროვნული გადამზიდავი კომპანიის ხელშეწყობისთვის ახორციელებდა.

„ჯორჯიან ეარვეისმა“ რამდენიმე დღის წინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, რომ „თურქული კომპანია „ტავ ურბან ჯორჯია” ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისს“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენების განხორციელების საშუალებას არ აძლევს და ითხოვს არარეალური ვალების დაფარვას, რისი ერთადერთი მიზანიც ავიაკომპანიის და მისი მგზავრების გაძარცვაა“.