ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ ხელმძღვანელობამ და თანამშრომლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან აქცია გამართეს
ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ ხელმძღვანელობამ და თანამშრომლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან აქცია გამართეს

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ (Georgian Airways) დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, თამაზ გაიაშვილმა და კომპანიის თანამშრომლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან აქცია გამართეს.

თამაზ გაიაშვილის თქმით, თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ოპერატორი კომპანია „ტავ ჯორჯია“ ვერ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას როგორც ტექნიკური, ისე ადამიანური რესურსებით. ამასთან, აღნიშნა, რომ „ტავ ჯორჯიას“ ტერიტორიებზე საკუთარ მონოპოლიას ავრცელებს.

როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის, რეალურად რამდენი ინვესტიცია აქვს განხორციელებული „ტავ ჯორჯიას“.

„ჩემი მოთხოვნაა, მთავრობის მიმართ შეიქმნას კომისია. შეისწავლონ ამ ორგანიზაციის საქმე, რას აკეთებენ, რა გაუკეთებია და გვაცნობონ, რა ხდება. გამოაქვეყნოს ის ხელშეკრულება, რომელიც დადებულია თურქულ კომპანია „ტავ ურბან ჯორჯიასა“ და საქართველოს შორის. რატომ უნდა იყოს საიდუმლო ეს ხელშეკრულება. კაბალური ხელშეკრულებაა, რომელიც ქართველ ხალხს აზიანებს, მხოლოდ ავიაკომპანიას არა. ასევე გამოიძიონ, რა არის დახარჯული ამ ტერმინალების აშენებაში. ამ კომპანიას არავითარი სერიოზული ინვესტიცია არ აქვს განხორციელებული. ამის გარანტიას გაძლევთ. სავალალო მდგომარეობაშია სადგომი ბილიკები, ასაფრენ -დასაფრენი ზოლი“, – განაცხადა თამაზ გაიაშვილმა.

აქციის მონაწილეები „ტავ ჯორჯიას“ განცხადებას გამოეხმაურნენ, რომელშიც აღნიშნულია, რომ ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისს“ თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ოპერატორი კომპანიის მიმართ გააჩნია დავალიანება, რაც დღევანდელი მონაცემებით 9 მილიონ ლარს აღემატება.

დავალიანებასთან დაკავშირებით „ჯორჯიან ეარვეისის“ ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ არსებულ სერვისებში ფულის გადახდას არ აპირებს. მათივე თქმით, კომპანიის გასაძლიერებლად და გასაფართოებლად შესაბამისი ინფრასტრუქტურაა საჭირო, რასაც „ტავ ჯორჯია“ ვერ უზრუნველყოფს. ისინი მიმართავენ საქართველოს მთავრობას, უშუამდგომლოს აეროპორტების მმართველ კომპანია „ტავ ჯორჯიასთან“.

„ტავ ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ „ჯორჯიან ეარვეისს“ ფრენებს არ შეუზღუდავენ და დავალიანებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართავენ.

„ჯორჯიან ეარვეისმა“ რამდენიმე დღის წინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, რომ „თურქული კომპანია „ტავ ურბან ჯორჯია“ ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისს“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენების განხორციელების საშუალებას არ აძლევს და ითხოვს არარეალური ვალების დაფარვას, რისი ერთადერთი მიზანიც ავიაკომპანიის და მისი მგზავრების გაძარცვაა“.

„აირზენას“ ბრალდებებთან დაკავშირებით „ტავ ჯორჯიამ“ 11 მარტს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ „ოპერატორი კომპანიის მიერ შეთავაზებული გადახდის გრაფიკის დაწესების მიუხედავად, ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ უარს ამბობს ფინანსური ვალდებულებების შესრულებაზე. იმ შემთხვევაში, თუ ავიაკომპანია არ შეასრულებს ნაკისრ ფინანსურ ვალდებულებას, „ტავ ჯორჯია“ იძულებული გახდება, შეუზღუდოს ავიაკომპანიას აეროპორტის სერვისებისა და ინფრასტრუქტურის გამოყენების შესაძლებლობა. „ტავ ჯორჯიას“ მიერ, „ჯორჯიან ეარვეისისთვის“ გაგზავნილი წინასწარი შეტყობინებებისა და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ავიაკომპანია უარს ამბობს, დაიცვას თავისი მგზავრების ინტერესები და შეასრულოს ნაკისრი ფინანსური ვალდებულებები“, – ნათქვამია განცხადებაში.