ტარიელ ხეჩიკაშვილმა თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტს უმასპინძლა
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტს დოქტორ კლაუს შორმანს უმასპინძლა.
მხარეებმა ისაუბრეს სამინისტროსა და საერთაშორისო ფედერაციას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე და თბილისში, სასტუმრო „ბილტმორსა” და სასტუმრო „ჰუალინგში” მიმდინარე 69-ე კონგრესზე, რომელსაც მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის სპორტული დელეგაციების წარმომადგენლები, ფედერაციების პრეზიდენტები და გენერალური მდივნები ესწრებიან.
კონგრესის მონაწილეებმა ოლიმპიური ქალაქში მდებარე ტანვარჯიშის დარბაზში მიმდინარე საწვრთნელი პროცესი დაათვალიერეს. ისინი მოფარიკავეებისა და ტყვიის მსროლელთა მიერ ჩატარებულ ღია ვარჯიშებს დაესწრნენ.
სტუმრებმა ქართველ კოლეგებთან ერთად, თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო კავშირის 69-ე კონგრესის სამახსოვროდ, თბილისის ოლიმპიური პარკის ტერიტორიაზე მემორიალური დაფის გახსნის და ასევე მუხის ხის დარგვის ტრადიციულ ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა. მუხის ხე თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო სიმბოლოდ ითვლება.