საფეხბურთო ტაიმაუტი | ტარიელ ხეჩიკაშვილი - ვფიქრობ, „იბერია 1999“-ს უფრო დიდ ასპარეზზე შეუძლია წარმატების მიღწევა #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | ტარიელ ხეჩიკაშვილი - ვფიქრობ, „იბერია 1999“-ს უფრო დიდ ასპარეზზე შეუძლია წარმატების მიღწევა #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“  საფეხბურთო კლუბის, „იბერია 1999“-ის (ყოფილი „საბურთალო“) პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა ახალი სეზონისთვის კლუბის მზადებასა და განვითარების გეგმებზე ისაუბრა.

„ჩვენმა კლუბმა „საბურთალოს“ სახელით დიდ წარმატებებს მიაღწია და მისთვის სახელის შეცვლა ადვილი არ იყო, მაგრამ, ვფიქრობთ, ეს აუცილებელი ნაბიჯი გახლდათ. ბევრი მცდელობის მიუხედავად, „საბურთალში“ ინფრასტრუქტურის განვითარება ვერ შევძელით, რადგან ტერიტორია ვერ გამოინახა.

ახლა კლუბის პროფესიული განვითარების დრო დადგა. მოკლე დროში საქართველოში ყველა ტიტული მოვიგეთ, მაგრამ, ვფიქრობ, ეს არაა ჩვენი მაქსიმუმი – შეგვიძლია, წარმატებას უფრო დიდ ასპარეზზე მივაღწიოთ.

გუნდის კომერციალიზაციის თვალსაზრისით აუცილებელი გახდა, რომ ლოკალური პროექტი ეროვნული გამხდარიყო, იბერია კი საქართველოს სინონიმია და ჩვენ ჩანაფიქრებს სწორედ ეს სახელი შეესაბამება.

„იბერია 1999“ იქნება გუნდი, სადაც ახალგაზრდებს განვითარების შესაძლებლობა ექნებათ. საქართველოს ჩემპიონატი სწორედ ისეთი დონისაა, სადაც 18-20 წლის ბიჭებს თავის გამოჩენის საშუალება უნდა მივცეთ.

ვფიქრობ, ახალგაზრდა და გამოცდილი მოთამაშეების სინთეზით შევძლებთ, კვლავ ლიდერების პოზიციაზე ვიყოთ“, – განაცხადა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ „იბერია 1999“-ის პრეზიდენტმა.