სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა 2023 წელი შეაჯამა - ქართული სპორტის სახეობებში ფესტივალი ჩატარდება #1TVSPORT
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა 2023 წელი შეაჯამა - ქართული სპორტის სახეობებში ფესტივალი ჩატარდება #1TVSPORT

სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა 2023 წელი შეაჯამა და გასული წელს განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

ფონდმა 50-ზე მეტი სპორტული ღონისძიება ჩაატარა, მათ შორის ხუთი საერთაშორისო. ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის საქმეში, ფონდმა, პარტნიორ კომპანიებთან თანამშრომლობით, ხუთ მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

ფონდის მხარდაჭერით რამდენიმე სპორტული სივრცე შეიქმნა, მათ შორის სპორტკომპლექს არენაზე, სადაც მოეწყო ყინულის მოედანი, კრივისა და სქვოშის დარბაზი, ტირი. სპორტული ღონისძიებების გარდა, ფონდის საქმიანობამ მოიცვა სპორტში სპეციალური საჭიროებების მქონე მოზარდების ინტეგრაცია – ჩატარდა ტურნირი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. ფონდი რეგიონებში შესაბამისი ინვენტარით დაეხმარა როგორც საჯარო, ასევე სპორტულ სკოლებს.

ფონდის მიერ განხორციელებული პროექტების უმრავლესობა მიმართულია სპორტის პოპულარიზაციასა და ხელმისაწვდომობის გაზრდაზე. სწორედ ამიტომ, დიდ ღონისძიებებთან ერთად, ფონდი რამდენიმე ინდივიდუალურ სპორტსმენს საერთაშორისო შეჯიბრებაზე გამგზავრებაში დაეხმარა.

ამას გარდა, ფონდის პრეზიდენტმა, 2024 წლის ღონისძიებები დააანონსა და ცნობილი გახდა, რომ გაიმართება ქართული სპორტის სახეობების ფესტივალი, რომელსაც რომელიმე რეგიონი უმასპინძლებს.