თანამგზავრული მონაცემებით, ანტარქტიდის ქვეშ დაკარგული კონტინენტის ნარჩენებს მიაგნეს
18:09, 09.11.2018
ჩვენი პლანეტის კონტინენტებს შორის, ყველაზე ნაკლები ყინულოვანი ანტარქტიდის შესახებ ვიცით. ახლახან, დედამიწის ტექტონიკის უკეთ შესასწავლად, მეცნიერებმა თანამგზავრული გამოსახულებები გამოიყენეს. ამ პროცესში, ანტარქტიდის დამალული სტრუქტურები გამოაშკარავდა.
შორს მდებარეობისა და დიდი ოდენობით ყინულის გამო, ანტარქტიდის გეოლოგიურ მახასიათებელთა შეფასება საკმაოდ რთულია, მაგრამ სპეციალურ თანამგზავრ GOCE-ს სხვა თანამგზავრებზე მეტის დანახვა შეუძლია. დამალული ხმელეთის საპოვნელად, ის ზუსტად ზომავს დედამიწის გრავიტაციის გავლენას.
საწვავის ამოწურვის გამო, GOCE-მა მისია 2013 წელს დაასრულა, თუმცა, მის მიერ შეგროვებულ მონაცემებს მეცნიერები დღემდე სწავლობენ. მკვლევართა თქმით, ეს მონაცემები ახალ დეტალებს გვთავაზობს ანტარქტიდის წარმოქმნისა და მისი ტექტონიკური ფილების შესახებ.
მკვლევართა ჯგუფის წევრის, ფაუსტო ფერაჩიოლის განცხადებით, აღმოსავლეთ ანტარქტიდაში მათ შენიშნეს გეოლოგიურ მახასიათებელთა ეგზოტიკური მოზაიკა, რომელიც აჩვენებს ფუნდამენტურ მსგავსებებსა და განსხვავებებს ანტარქტიდის ქვეშ არსებულ ქერქსა და სხვა კონტინენტს შორის, რომელიც მას 160 მილიონი წლის წინ შეუერთდა.
ანტარქტიდა ერთ დროს სუპერკონტინენტ გონდვანას ნაწილი იყო, რომელმაც დაშლა 130 მილიონი წლის წინ დაიწყო. თუმცა, ბმა ავსტრალიასა და ანტარქტიდას შორის, მხოლოდ 55 მლნ წლის წინ გაწყდა.
GOCE-სა და სეისმოლოგიური მონაცემების კომბინირების შედეგად, მკვლევრებმა დედამიწის ლითოსფეროს 3D რუკები შექმნეს. ლითოსფერო შედგება ქერქისა და მის ქვეშ არსებული გამდნარი მანტიისგან. ასევე მოიცავს მთის ქედებს, ოკეანის ქედებსა და კრატონებს. ეს უკანასკნელი წარმოადგენს კლდოვან ზონებს, უძველეს კონტინენტთა ნარჩენებს, რომლებიც დღეს არსებულ კონტინენტებშია ჩაჭედილი.
მკვლევართა თქმით, ქერქისა და ზედა მანტიის უფრო თანმიმდევრული 3D გამოსახულების მისაღებად, შესაძლებელია თანამგზავრის გრავიტაციული მონაცემებისა და სეისმოლოგიური მონაცემების შეჯერება. ეს კი გადამწყვეტია იმის გასარკვევად, როგორ ურთიერთქმდებს ფილების ტექტონიკა და მანტიის ღრმა დინამიკა.
ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) თანამგზავრი GOCE ჩვენს პლანეტას გარს უვლიდა 2009-2013 წლებში. უზუსტესი მონაცემების შესაგროვებლად, ის დედამიწასთან უკიდურესად ახლოს, 255 კმ სიმაღლეზე მოძრაობდა. შედარებისათვის — საერთაშორისო კოსმოსური სადგური დედამიწიდან 402 კმ სიმაღლეზე მოძრაობს.
ახალი კვლევის ფარგლებში გაკეთებულ აღმოჩენებს შორის იყო თხელი ქერქი და ლითოსფერო დასავლეთ ანტარქტიდის ქვეშ.
გარდა 200 მლნ წლის წინანდელი უძველესი კონტინენტების ნაშთების ძებნისა, ამ მონაცემებით ასევე შესაძლებელია იმის განსაზღვრა, როგორ რეაგირებს ხმელეთზე გაწოლილი ყინულოვანი საფარი მომატებულ ტემპერატურაზე. ეს საკითხი კი დღეს ნამდვილი გამოწვევაა.
მკვლევართა განცხადებით, გრავიტაციული ფოტოები ნამდვილად რევოლუციურია და საშუალებას გვაძლევს გამოვიკვლიოთ დედამიწის ყველაზე ნაკლებად შესწავლილი კონტინენტი — ანტარქტიდა.
მომზადებულია esa.int-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.