თანამგზავრული ინტერნეტის ეპოქის მოახლოების მაუწყებლები ცაში — ილონ მასკის Starlink-ის თანამგზავრები უკვე საქართველოდანაც ჩანს
22:45, 26.04.2020
ბოლო დღეებში ბევრმა შენიშნა ღამის ცაზე ერთ რიგად მოძრავი მანათობელი წერტილები. სოციალურ ქსელებში გამოჩნდა მოვლენის ამსახველი ფოტოებიც. გაჩნდა კითხვებიც — რას ასახავს ეს უჩვეულო მოვლენა, რასთან გვაქვს საქმე?
ყველაფერი 2015 წელს დაიწყო, როდესაც ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა წამოიწყო ერთი შეხედვით დაუჯერებელი პროექტი — ინტერნეტი მთელ დედამიწას, პირდაპირ კოსმოსიდან. პროგრამას მასკმა Starlink-ი უწოდა და მას მისი კომპანია, „სფეის იქსი“ ახორციელებს. თანამგზავრების გაშვება ეტაპობრივად მიმდინარეობს, საცდელი თანამგზავრები პირველად 2018 წელს გაუშვეს, პირველი 60 თანამგზავრი კი 2019 წლის მაისში. ბოლო ერთი კვირაა, „სფეის იქსი“ ხომალდების ახალ ნაკადს უშვებს და ორბიტაზე გასული თანამგზავრების მოძრაობა საქართველოს ციდანაც შესანიშნავად ჩანს.
პროგრამა Starlink-ის ფარგლებში დედამიწის ორბიტაზე ეტაპობრივად გაეშვება 40 000 ხელოვნური თანამგზავრი, რომლებიც ინტერნეტით მთელ პლანეტას დაფარავენ და ამ მხრივ გაცილებით გადააჭარბებენ თანამგზავრული ინტერნეტის ამჟამად მოქმედ ნებისმიერ პროვაიდერს.
მასკის განცხადებით, მისი მიზანია, უახლოეს ხანებში Starlink-მა ინტერნეტი მიაწოდოს დედამიწის ისეთ რეგიონებს, სადაც ინტერნეტი აქამდე არასოდეს ყოფილა. მისივე თქმით, ასეთი რეგიონებისთვის ბეტა-ტესტირების ფაზა უახლოეს რამდენიმე თვეში დაიწყება, საყოველთაო ტესტირება კი ექვს თვეში.
Starlink-ი წარმოუდგენლად დაეხმარება დედამიწის სასოფლო, მიუწვდომელ დასახლებებს, სადაც ინტერნეტი არ არის და შეიძლება, ახლო მომავალში არც ყოფილიყო. მთელი მსოფლიოს დაფარვას საკმარისი ოდენობის თანამგზავრები სჭირდება, რაც კოსმოსურ ინფრასტრუქტურაში უზარმაზარ ინვესტიციებს მოითხოვს, რაშიც მასკს ნამდვილად აქვს უპირატესობა.
თუმცა, უკვე ათეულობით წელიწადია, თანამგზავრულ ინტერნეტს აქვს ერთი სპეციფიკური პრობლემა — თანამგზავრთა ორბიტული გზის გამო, ეს სერვისი ძირითადად უფრო უკეთესად არის ხელმისაწვდომი დედამიწის ქვედა განედების მოსახლეობისთვის. მაგალითად, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მის მისაღებად საჭიროა სამხრეთის ხედი. ამ პრობლემას მასკი თანამგზავრების რაოდენობით გადაჭრის. ორბიტაზე ათობით ათასი თანამგზავრის გატანით და მათი ერთმანეთთან დაკავშირებით, შეიქმნება ქსელი, რაც დედამიწას ისე დაფარავს ინტერნეტით, როგორც აქამდე არასოდეს ყოფილა. მზის ენერგიაზე მომუშავე თითოეულ ამ თანამგზავრს ექნება სენსორები და ძრავები, რომელთა საშუალებითაც ისინი თავიანთ ადგილმდებარეობას დააფიქსირებენ და ხაზში დარჩებიან.
გარდა ამისა, მასკი ამბობს, რომ ექსპლუატაციის ვადის ამოწურვის შემდეგ, თანამგზავრების ორბიტიდან მოხსნა უსაფრთხოდ იქნება შესაძლებელი, ისე, რომ არ დარჩება არანაირი კოსმოსური ნაგავი.
სერვისის ამოქმედების შემდეგ, მომხმარებლები Starlink-ის ინტერნეტით სარგებლობას და ქსელთან წვდომას „სფეის იქსის“ სპეციალური მიმღები ყუთით შეძლებენ.
მიუხედავად იმ მრავალი სიკეთისა, რასაც პლანეტას ეს პროექტი მოუტანს, ის სერიოზულ საფრთხეს უქმნის ასტრონომიულ კვლევებს. ასტრონომები შიშობენ, რომ კაშკაშა თანამგზავრების უზარმაზარი ქსელი ხელს შეუშლის სამეცნიერო დაკვირვებებს. თუმცა, როგორც ილონ მასკი აცხადებს, ეს პრობლემა უკვე გადაწყვეტილია, რადგან Starlink-ის თანამგზავრებს მალე გაუაქტიურდებათ ფუნქცია, რომელიც მათ სიკაშკაშეს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
„სფეის იქსი“ ერთადერთი კომპანია არ არის, რომელიც თანამგზავრული ინტერნეტის სერვისის დანერგვას გეგმავს. ასეთი სერვისების განხორციელებას აპირებენ ისეთი კომპანიებიც, როგორებიცაა „უანვები“, „ტელესატი“ და „ამაზონი“. თუმცა, არც ერთი მათგანი არ იქნება „სფეის იქსის“ პროექტის მასშტაბის.